წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი - ლომჯარია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა.

მისი განცხადებით, დასაზუსტებელია, რა ტიპის გაზი იქნა გამოყენებული, თუმცა მისი თქმით, ყველა საერთაშორისო სტანდარტით, დახურულ სივრცეში გაზის/წიწაკის სპრეის გამოყენება უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას.

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით – ეს არის გაეროს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაეროს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით – წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დაუყოვნებლივი დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, იქიდან გამომდინარე რომ ამ გაზის გამოყენებით დახურულ სივრცეში მიღებული ტკივილი უტოლდება, აღწევს არაადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის თქმით, ის ვითარების გასაცნობად მოვიდა და აპირებს გაესაუბროს მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს.

„განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის და ვიცი, რომ იქ იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – თქვა მან.

ლომჯარიას თქმით, სიტუაცია მიდის ჩიხისკენ. მან მოუწოდა ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ. სახალხო დამცველის თქმით, მისთვის გადადგმულ ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება.

სახალხო დამცველის თქმით, მისმა წარმომადგენლებმა მელია მოინახულეს საპატიმროში და ისიც აპირებს მასთან შეხვედრას.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა. შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.