„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენი სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი.
„სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილის შიდა სკანირება სპეციალური ტექნიკით, რათა იდენტიფიცირდეს სხვა დაზიანებული მონაკვეთების ზუსტი კოორდინატები და დაზიანების ხარისხი. სკანირებისა და დიაგნოსტირების სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება.
გამომდინარე იქიდან, რომ არსებული ტერიტორია მეწყრული ზონაა, მილსადენის გრუნტისგან გამოთავისუფლების სამუშაოები საკმაოდ რთულია და მუდმივად საჭიროებს დამატებით უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისი ღონისძიებების გატარებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ, 16 ივნისს ავარიულად დაზიანდა თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც თბილისის საკმაოდ დიდ ნაწილს აწვდის წყალს.
GWP-ის გენერალურმა დირექტორმა 18 ივნისს განაცხადა, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება.
ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის ( GWP) მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.