Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვაში ფრენებს შეაჩერებს

პუბლიკა

უნგრული ავიაკომპანია Wizz Air 14 მარტიდან მოლდოვაში და მოლდოვიდან ფრენას შეაჩერებს. კომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება რუსულ აგრესიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკების ზრდის გამო მიიღეს.

„ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება Wizz Air-ის მთავარი პრიორიტეტია.

მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში გაზრდილი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის ფონზე, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა კიშინიოვში 14 მარტიდან“, – აცხადებს კომპანია.

მოლდოვას ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სინანული გამოთქვა Wizz Air-ის გადაწყვეტილების გამო და განაცხადეს, რომ ფრენები „რომლებიც მთელ რიგ პროცედურებს გადის, შეიძლება უსაფრთხოდ განხორციელდეს“.

Wizz Air-გან განსხვავებით რუმინული ავიაკომპანია Tarom, ასევე Air Moldova და Turkish Airlines ფრენას აგრძელებენ.

უნგრული ავიაკომპანიის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსული ფრთოსანი რაკეტების მიერ უკრაინაზე იერიში მოლდოვის საჰაერო სივრცის გავლით, ასევე რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენა მოლდოვის ტერიტორიაზე.

ბოლო დროს მოლდოვაში გართულდა პოლიტიკური სიტუაციაც. უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით მოლდოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთი ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდა. კიშინიოვში პრორუსული და ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციებიც დაიწყო.

სიტუაცია გართულდა სეპარატისტულ რეგიონში დნესტრისპირეთშიც, რომელიც რუსული გავლენის ქვეშაა და მის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზებია განლაგებული. კიევში განაცხადეს, რომ დნესტრისპირეთიდან შესაძლო საფრთხის გამო, მის საზღვართან სამხედროების კონცენტრაცია გაზარდეს.