„ქართული ოცნების” დეპუტატი, თეა წულუკიანის ყოფილი მოადგილე იუსტიციის სამინისტროში, მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება კულტურის სამინისტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ წლებია, კულტურის არაერთი მიმართულებით, გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა.
„საქართველოში წლებია, სტაგნაცია სუფევდა კულტურის არაერთი მიმართულებით, არაერთ სფეროში, გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა და როდესაც გაჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს, დიახ თუნდაც კინოში გადაიღებოდეს ისეთი ფილმები, როგორიც არის „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“, რა საკვირველია, ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა ყველა, ვისაც აქვს, რა თქმა უნდა, სურვილი, რომ ხელი შეუშალოს ქვეყნის წარმატებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი გააუქმა და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.
ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც მათ ცენტრის დამოუკიდებლობა მოითხოვეს. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.