წლებია საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამის უქმე დღედ გამოცხადებას უშედეგოდ ითხოვენ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

დღეს საქართველოს აზერბაიჯანელები აღნიშნავენ ნოვრუზ ბარაიმს. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” აღნიშნულზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს უძველესი სახალხო დღესასწაულია და გაზაფხულის შემოსვლას, გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას უკავშირდება. ეს უძველესი დღესასწაული თემში უნიკალური ტრადიციებით და რიტუალებით აღინიშნება. ამ დღეს ყველა ოჯახის მაგიდაზე შევხვდებით ხორბლის ჯეჯილს, შეღებილ კვერცხებს, სარკეს, ტკბილეულს, რომელიც განახლების და ახალი წლის დადგომის სიმბილოებია. ნოვრუზის დღე ქუჩებში კოლექტიური მსვლელობით და მუსიკალური გამოსვლებით, ოჯახებში კი აქტიური სტუმრიანობით აღინიშნება.

2009 წელს ნოვრუზი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა. ნოვრუზ ბაირამამდე თებერვლის ბოლო სამშაბათს და მარტის პირველ სამ სამშაბათს საქართველოს აზერბაიჯანელები ოთხი სტიქიის დღესასწაულს – წყლის, ქარის, ცეცხლის და მიწის გამოღვიძებას (ჩარშანბას) აღნიშავენ, რომელსაც ასევე უნიკალური ტრადიციები ახლავს.

„უკვე რამდენიმე წელია საქართველოს აზერბაიჯანელები ნოვრუზ ბაირამს ეროვნულ დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადებას ითხოვენ. პარლამენტს ადგილობრივმა აქტივისტებმა რამდენიმეჯერ მიმართა ამ ინიციატივით. შარშან მარნეულში ნოვრუზის დღესასწაული აქტივისტების სპონტანური საპროტესტო მსველელობითაც აღინიშნა. ადგილობრივი თემისთვის ეს მოთხოვნა საკუთარი კულტურის, იდენტობის და ზოგადად საქართველოს ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების აღიარების მნიშვნელობას ატარებს და რა თქმა უნდა. პოლიტიკური შინაარსი აქვს. სამწუხაროდ, თემის ეს მოთხოვნა ხელისუფლების მიერ ამ დრომდე არ არის გაზიარებული.

კალენდარი სიმბოლური სივრცეა, რომელიც კონკრეტულ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების შეთანხმებებს, სიმბოლოებს და მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს აერთიანებს. სამწუხაროდ, საქართველოს კალენდარი მონოკულტურული/ეთნიკური/რელიგიური შინაარსის არის და არ წარმოაჩენს იმ უნიკალურ მრავალფეროვნებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა და არსებობს. საქართველოში გავრცელებული ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმი ამ სიმბოლურ სივრცეშიც იჩენს თავს და სხვა ჯგუფებს, რომლებმაც ისტორიული წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის შექმნაში და მის უნიკალურობაში, სრულად იგნორირებულია.

სამწუხაროდ, არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების სუსტი რეპრეზენტაციისა და ზოგჯერ წაშლის პრობლემა მხოლოდ სიმბოლურ ველებში და აღმნიშვნელებში არ ჩანს. სუსტი კულტურული აღიარების და პატივისცემის უკან იკითხება დაბალი პოლიტიკური რეპრეზენტაციის, მონაწილეობის და ეკონომიკური და სოციალური ასიმეტრიის კიდევ უფრო ღრმა პრობლემა.

სწორედ ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ დღეს საქართველოს აზერბაიჯანელის თემის მოთხოვნა ნოვრუზ ბაირამის ეროვნულ დღესასწაულად და უქმედ გამოცხადების შესახებ სამართლიანია და ის გათავისუფლებისთვის და აღიარებისთვის ამ თემის უფრო დიდ ბრძოლას აჩვენებს.

ჩვენ ვუერთდებით ყველა სუსტად წარმოდგენილი, სუსტად აღიარებული, დაუცველი თემის ბრძოლას და მათი თანამებრძლები, მეგობრები და ნამდვილი მხარდაჭერები გვინდა ვიყოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.