საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, დღეს საპატრიაქოში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სასულიერო პირების მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მათი განცხადებით, შეხვედრა მიზნად ისახავდა წლების განმავლობაში დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებული პერიპეტიებისა და ამ პროცესში ეკლესიის მუდმივი ჩართულობის განხილვასა და შეჯამებას.
„დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი საკითხი შეეხო იმ ახალ გარემოებებსა და რუკებს, რომელთა არსებობაც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებებისა და რუკების, კერძოდ, 1938 წლის რუკის შესახებ ეკლესია წლებია მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივად იყო ხელმოწერილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიერ, საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ რუკას გულისხმობს. ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია“, – აღნიშნავს საპატრიარქო.
მათივე თქმით, შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.
„დღეს კი დადგდა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა“, – აცხადებს საპატრიარქო.
როგორც ისინი აღნიშნავენ, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს 2019 წელს დარგის სპეციალისტების, მეცნიერებისა და ექსპერტების 14-კაციანი ჯგუფის მიერ მიღებული დასკვნების თაობაზე.
„აღნიშნულმა ჯგუფმა დავით გარეჯის პრობლემა შეისწავლა როგორც ისტორიული, ისე იურიდიული და კარტოგრაფიული კუთხით და დაადასტურა, რომ სადავო ტერიტორია და მასზე მდებარე ქართული მონასტრები საქართველოს კუთვნილებაა და სრულად უნდა ექცეოდეს ქვეყნის ლეგიტიმურ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კითხვაზე, თუ რატომ ერევა საქართველოს ეკლესია ასე აქტიურად გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში, პასუხი მარტივია – დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილ მიწაზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა. შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება“, – წერია განცხადებაში.
საპატრიარქოს თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საზღვრებს, გარკვეული ძალები ცდილობენ, ეკლესიის პოზიციას პოლიტიკური სარჩული დაუდონ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას კი ჩრდილი მიაყენონ. ამიტომ, საპატრიარქოს თქმითვე, ეკლესია კიდევ ერთხელ გარკვევით აფიქსირებს თავის პოზიციას, რომ მისთვის მთავარია ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით, ყოველგვარი პოლიტიზებისა და დაძაბულობის გარეშე.
„იმ ვითარებაში, როდესაც ეკლესია ასეთ უმნიშვნელოვანეს პროცესშია ჩართული, მიგვაჩნია, რომ ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ ყოველგვარი ცილისწამება პირდაპირ უკავშირდება დავით გარეჯის პრობლემატიკას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
დღეს, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.