წლის ბოლომდე გაახანგრძლივებენ იმ ნორმებს, რის საფუძველზეც მთავრობა შეზღუდვებს აწესებს. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის მოქმედების ვადის გაგრძელება 2022 წლის პირველ იანვრამდე იგეგმება.
თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინეს. პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ კანონპროექტს ჯერ ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტებზე განიხილავენ, შემდგომ კი განიხილება სესიაზე.
არსებული მდგომარეობით, კანონპროექტის მოქმედების ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე იყო გაგრძელებული. ცვლილების ინიციატორთა განმარტებით, ვადის გაგრძელებით „მთავრობას პარლამენტის მხრიდან შეუნარჩუნდება ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.“