წლის ბოლომდე საქართველოში შეიქმნება წამლის ლაბორატორია - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, წამლის ხარისხის გასაკონტროლებლად, დაჩქარებულად, წლის ბოლომდე საქართველოში წამლის ლაბორატორია შეიქმნება.

ამასთან, აზარაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ წამლების ქართველ მწარმოებლებს ხარისხის დასაცავად 1 იანვრიდან GMP სერტიფიკატის წარდგენა მოეთხოვებათ, მათი და იმპორტიორი კომპანიების თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უცხოურ კომპანიებსაც მოსთხოვონ GMP სერტიფიკატი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, ჩვენ მიმდინარე წელს საქართველოში შევქმნით წამლის ლაბორატორიას.

საამისოდ გარკვეული თანხა ბიუჯეტიდან, 6 მილიონ ლარამდე, უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად“, – თქვა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მთავრობამ მიიღო მეორე მნიშვნელოვნაი გადაწყვეტილებაც, რომ ასევე წლის ბოლომდე ახალ ადგილას გადავიდეს ინფექციური საავადმყოფოც.

„აღნიშნული გადაწყვეტილებაც მივიღეთ დაჩქარებულად, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მიცემული გვაქვს პირობა როგორც იმ მეიჯარისთვის, სადაც დღეს არის ინფექციური საავადმყოფო, ისე თავად საავადმყოფოს მენეჯმენტისთვის, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე ახალ ლოკაციაზე გადავიყვანთ მათ.

გვექნება საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო და უმაღლესი სტანდარტების კლინიკა“, – თქვა აზარაშვილმა.