წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა | როგორია ფასების ზრდის მაჩვენებელი

პუბლიკა

2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასი გაიზარდა 0.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასი მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (4.4%), პური და პურპროდუქტები (1.5%), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3%), ზეთი და ცხიმი (1%). შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.9%). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-5.1%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.6%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7%-ით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.4%);

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1%-იანი მატება, რაც თვის ინფლაციაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (2.3%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (2.1 %), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.35 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ზეთი და ცხიმი (27.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (26.2%), პური და პურპროდუქტები (20.4%), რძე, ყველი და კვერცხი (17.9%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (17.4%), თევზეული (16%), ხილი და ყურძენი (15.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.7%), ყავა, ჩაი და კაკაო (6.9%);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.2%-ით, რაც 2.5 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (30.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.6%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.3%);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.5%-იანი მატება, რაც 1.68 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (14.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.2%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-2.0%).