საქსტატის ცნობით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.4 პროცენტით, რაც 1.53 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (17.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.9 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.14 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0 პროცენტი), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.8 პროცენტით, რაც 1.04 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.94 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (40.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (12.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1 პროცენტი), თევზეული (9.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-22.2 პროცენტი), ასევე ხილსა და ყურძენზე (-18.2 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.73 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა საზოგადოებრივი კვების ქვეჯგუფზე (16.3 პროცენტი).