ოფიციალური ვატიკანის ცნობით, იტალიაში ეკლესიების მორწმუნეთათვის გახსნის შემდეგ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში წირვის მონაწილეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.
იტალიაში წირვებზე მორწმუნეთა დასწრება ორშაბათიდან იქნება დაშვებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იტალიის ხელისუფლებამ ეპისკოპოსებთან შეთანხმებით პროტოკოლი შეადგინა, რომელსაც ყველა მხარემ მოაწერა ხელი. პროტოკოლის მიხედვით ღვთისმსახურებისას დაცული იქნება მკაცრი ზომები.
იტალიაში საეკლესიო შეკრებებისთვის დაწესებული შეზღუდვები მრავალ წესს ითვალისწინებს, მათ შორის: სამედიცინო ნიღბების სავალდებულოობას, დამსწრეთა ლიმიტირებულ რაოდენობასა და სოციალურ დისტანციას, თუმცა თერმოსკრინინგი სავალდებულო მოთხოვნებს შორის არ არის.
თავად ვატიკანის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პაპის სამ ბაზილიკაში, სადაც მასშტაბური შეკრებები ყველაზე ხშირია, პრევენციული ზომები უფრო გამკაცრდება.
წმინდა საყდრის პრესსპიკერის მატეო ბრუნის განცხადებით, თერმოსკრინინგი საკვირაო წირვებსა და რელიგიური დღესასწაულების პერიოდში იქნება სავალდებულო. მისი თქმით, თითოეული ბაზილიკის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს წირვაზე დამსწრეთა დასაშვებ რაოდენობას, ვატიკანის პოლიცია კი იტალიის პოლიციასთან ერთად ხალხის ნაკადებს გააკონტროლებს.
იტალიის მასშტაბით ეკლესიები მლოცველთათვის ვირუსის მასშტაბურად გავრცელების გამო 13 მარტს დაიხურა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ ყველა მნიშვნელოვანი წირვა ცარიელ ტაძრებში აღასრულა, მათ შორის მთავარი საუფლო სადღესასწაულო წირვები.