რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური, ჟურნალისტებთან მისი ძმის მკვლელობის გარემოებებზე საუბრობს.
„ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.
2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ” – ამბობს ნიკოლოზ გინტური.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ერთი მოქალაქე, თამაზ გინტური, მოკლეს, მეორე, ლევან დოთიაშვილი კი დააკავეს.