Wolt-ის კურიერების პროტესტი გრძელდება – ისინი ანაზღაურების ზრდას, დირექტორ ნატალია ხიზანიშვილისა და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ჯაკობიას გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამას გარდა, კურიერების მოთხოვნაა, ეს საკითხები განიხილონ კოლექტიური მოლაპარაკების ფორმატში, რაზეც კომპანია უარს აცხადებს.
კომპანიის გუშინდელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ:
„ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში და მზად ვართ, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოვისმინოთ მოთხოვნები და განვიხილოთ პრობლემების გადაჭრის გზები. თუმცა, მსგავს შეხვედრაზე 200-მდე ადამიანის დასწრება შედეგს ვერ გამოიღებს და ვერ იქნება კონსტრუქციული. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ აქციის ორგანიზატორებს, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლას, კომპანიის ოფისში შეხვედრას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნების განხილვას”, – აცხადებს კომპანია Wolt.
კურიერები დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ კომპანიის ეს პოზიცია „უპრეცედენტოდ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია”.
„„ირკვევა, რომ Wolt-ჯორჯიას წარმოუდგენლად მიაჩნია საკონფერენციო დარბაზში მოლაპარაკებების წარმოება მისი პარტნიორი ყველა კურიერის თანდასწრებით. ეს წარმოუდგენლად დამამცირებელი განცხადება ცხადყოფს ვოლტ ჯორჯიაში გამეფებულ ანტიადამიანურ დამოკიდებულებას.
გაურკვეველია, რატომ არის წარმოუდგენელი კოლექტიური მოლაპარაკების წარმოება პარტნიორ კურიერებთან ერთად საკონფერენციო დარბაზში? თუ Wolt-ჯორჯიას მენეჯმენტს, ან სხვა ორგანიზაციის/კომპანიების თანამშრომლებსა და დირექტორატს შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის კონფერენციების გამართვა კონსტრუქციულ რეჟიმში ვინ და რატომ დაასკვნა რომ ასეთი შეხვედრა კურიერების მონაწილეობით არ შეიძლება გაიმართოს?
მიგვაჩნია, რომ Wolt-ის მიერ გავრცელებული განცხადება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს არსებული ხელმძღვანელობის არაადამიანურ დამოკიდებულებას კურიერების მიმართ.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ სასწრაფოდ გვსურს მოლაპარაკებების დაწყება და ეს მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს საკონფერენციო დარბაზში ყველა პარტნიორი კურიერის თანდასწრებით – კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები, იურისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი”, – ვკითხულობთ კურიერების განცხადებაში.
ანაზღაურების მომატების მოთხოვნა
კურიერების თქმით, ისინი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ არა მომხმარებლის ხარჯზე, არამედ კომპანიის, რომელიც „3 მლნ ლარამდე სუფთა მოგებას ნახულობს“.
კომპანიის პოზიცია ანაზღაურებასთან დაკავშირებით ასეთია:
„საჯაროდ გვინდა განვაცხადოთ, რომ 15 თებერვლიდან Wolt-პლატფორმაზე გაეშვა პარტნიორი კურიერების ანაზღაურების ახალი სისტემა. სისტემა ითვალისწინებს პარტნიორი კურიერისთვის შეკვეთის ანაზღაურების წინასწარ შეტყობინებას. შეკვეთის დადასტურებამდე, კურიერს აპლიკაციაში გამოუჩნდება კონკრეტული ტარიფი და უფრო ინფორმირებულად მიიღებს გადაწყვეტილებას, დაეთანხმოს თუ უარი განაცხადოს შეკვეთის განხორციელებაზე.
ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტნიორი კურიერები უკმაყოფილოები იყვნენ ძველი სისტემით, ამიტომ, მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ Google Maps-ის სერვისი. ეს სისტემა უფრო ზუსტად დათვლის კურიერების მიერ განვლილ მანძილს და, შესაბამისად, მეტ სარგებელს მოუტანს მათ.
გარდა ამისა, აქტიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ სადაზღვევო კომპანიასთან, რათა გავაუმჯობესოთ პარტნიორი კურიერების დაზღვევის პირობები”, – აცხადებენ კომპანიაში.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი კურიერი გიორგი გიორგაძე ამბობს, კომპანიის განცხადება, რომ აპლიკაციაში გამოჩნდება კონკრეტული ტარიფი – რეალურად გავლენას ვერ მოახდენს ანაზღაურების ოდენობაზე. ეს არც ყოფილა მათი მოთხოვნა და არც არანაირი შედეგის მომტანი რ იქნება ამ მიმართულებით.
ანაზღაურების მიმართულებით კურიერების მოთხოვნა უცვლელია – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე. ახლანდელი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრს.
რაც შეეხება Google Maps, როგორც კურიერი გვეუბნება, ახალი სისტემა მათ ძველ სისტემას სჯობს, თუმცა ის სატესტო რეჟიმშია და დაკვირვებაა საჭირო, რამდენად იქნება გაუმჯობესებული შედეგის მომტანი.
„ჩვენი პროტესტი გრძელდება და კვირაში ერთხელ, კურიერები და ქართველი საზოგადოება Wolt-ჯორჯიას ოფისთან შეკრებას გავაგრძელებთ“, – ნათქვამია კურიერების განცხადებაში.