Wolt-ის კურიერი, ლევან მძევაშვილი ისევ კლინიკაშია - ოჯახი საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს

პუბლიკა

Wolt-ის კურიერი, ავარიაში მოყოლილი 27 წლის ლევან მძევაშვილი ისევ კლინიკაში გადაიყვანეს, – ამის შესახებ „პუბლიკას“ მისმა მეუღლემ ლელა ცქვიტიშვილმა განუცხადა. ოჯახი კვლავ ფინანსური დახმარების საჭიროების წინაშეა.

მათ სამი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ყველაზე უმცროსს ლევანი არ იცნობს, რადგან ის მისი ავარიის შემდეგ დაიბადა.

ლევანი ავარიაში გასული წლის 31 მარტს მოჰყვა. მისი მეუღლის ცნობით, მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, კომური მდგომარეობა, გულის აორტის დაზიანება და სხვა დაუზუსტებელი მრავლობითი ტრავმა აქვს. როგორც მისი მეუღლე ამბობს, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ ფინანსური დახმარება Wolt-დან ან მათი პარტნიორი სადაზღვევო კომპანია „ალდაგიდან“.

ოჯახის ცნობით, ავარიის შემდეგ ის რამდენიმე ქართულ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იწვა, სამკურნალოდ ჰყავდათ წაყვანილი თურქეთშიც, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი თავზე ურთულესი ოპერაციაც ჩაუტარდა.

ლელა ცქვიტიშვილის თქმით, უხეში გაანგარიშებით, სამედიცინო ხარჯმა შესაძლოა, 250 000 დოლარსაც მიაღწია. მისივე ცნობით, ამ დრომდე აქვთ ხეჩინაშვილის კლინიკის ვალი – 31 100 ლარი.

„ბინა გავყიდეთ, მშენებარეში გვქონდა, დავალომბარდეთ ყველაფერი, ნათესავებიც გვეხმარებიან. რაღაც მცირე ნაწილი საყოველთაო დაზღვევიდანაც დაიფარა. ლევანს პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსიც მიენიჭა და პენსია დაენიშნა. სულ ეს არის“, – განაცხადა ცქვიტიშვილმა.

როგორც აღინიშნა, კომპანია Wolt-ს კურიერები დაზღვეული ჰყავს „ალდაგში“ და ანაზღაურების წესები/ლიმიტები განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა პაკეტი აქვს Wolt-ს შესყიდული.

თავდაპირველად სადაზღვევო კომპანიამ სამედიცინო მომსახურების ქვითრები მოითხოვა, რიგ შემთხვევაში მოთხოვნილი სახით ქვითრების წარდგენა ოჯახმა ვერ შეძლო. მათ მხოლოდ მსხვილი სამედიცინო ჩარევების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინეს. ახლა კი, როგორც ლელა ცქვიტიშვილი ამბობს, სადაზღვევოსგან სიტყვიერი კომუნიკაციის საფუძველზე მოლოდინი აქვს, რომ დაფინანსების საკითხი მაისის ბოლომდე გადაწყდება. ვინაიდან ლევანს პირველი ჯგუფის ინვალიდის სტატუსი მიენიჭა, კომპანიაში 20 000 ევროს ანაზღაურების საკითხია განხილვაში. სრულად გამოიყოფა თუ არა ეს თანხა, ეს თვის ბოლოს გაირკვევა.

რაც შეეხება ლევანის ამჟამინდელ ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი ცოლის თქმით, ბოლო პერიოდში გარკვეული გაუმჯობესება ჰქონდა, მყარ კვებაზეც გადავიდა, თუმცა დაახლოებით 2 კვირის წინ კრუნჩხვითი შეტევები დაემართა და კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს.

ანგარიშის ნომერი:

  • „საქართველოს ბანკი“ – GE94BG0000000538915307 (ლეილა ცქვიტიშვილი, მეუღლე);
  • „თიბისი ბანკი“ – GE27TB7426745068100019 (მძევაშვილი ნინო, ლევანის და);