Wolt კურიერების პროტესტზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საკურიერო კომპანია Wolt კურიერების მიერ აპლიკაციის გათიშვასა და უწყვეტ პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია, რომ კურიერები არიან მიტანის სერვისის მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმეები, პარტნიორები და  არ არიან „ვოლტ საქართველოს“ თანამშრომლები. მათი თქმით, კურიერებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება და ამ თანამშრომლობას არ არეგულირებს შრომის კოდექსი. Wolt-ის მტკიცებით, მათ მიერ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ „პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისათვის პარტნიორობის ფორმატი სასურველია.“

ამავე განცხადებაში საუბარია კომპანიის პრეტენზიებზე პროტესტში მონაწილე კურიერების მიმართ:

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვოლტის საქართველოში ოპერირების განმავლობაში, არც ერთი პარტნიორი კურიერი არ დაგვიბლოკავს რომელიმე საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო. მათთან ხელშეკრულებას ვწყვეტდით მხოლოდ ისეთი უხეში დარღვევების გამო, როგორიცაა მომხმარებლისთვის, ან სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის მიყენებული შეურაცხყოფა, აქტიურობის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, და ა.შ. ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატვის თავისუფლების შესახებ.

თუმცა, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა გადაიზარდოს სხვისი თავისუფლების შეზღუდვაში. სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ დაფიქსირდა. კერძოდ, საპროტესტო აქციების შემდეგ, აქციის მონაწილეები ირკიბებოდნენ სავაჭრო ობიექტებთან, ავიწროვებდნენ, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ იმ პარტნიორ კურიერებს, რომლებიც მათ აზრს არ იზიარებდნენ. არსებობს ამ ყველაფრის დამადასტურებელი ვიდეომასალაც. ასევე, მივიღეთ არაერთი შეტყობინება როგორც პარტნიორი კურიერებისგან, ისე – სავაჭრო ობიექტებისგან. გვატყობინებდნენ, რომ აქციის მონაწილეები გზას უღობავდნენ პარტნიორ კურიერებს, არ აძლევდნენ შეკვეთის აღების საშუალებას, უკეტავდნენ ტრანსპორტს, აყენებდნენ სიტყვიერ, თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას. პროტესტის ეს ფორმა გარდა იმისა, რომ მიუღებელია, კანონდარღვევაცაა.

როგორც იცით, ამ წუთებშიც, აქციის მონაწილეები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა სავაჭრო ობიექტთან და ატარებენ ე.წ. “საინფორმაციო კამპანიას”. ასევე, გეგმავენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის პიკეტირებას, იმ პარტნიორი კურიერების სიების გამოქვეყნებას, ვინც მხარს არ უჭერს, ცრუ შეკვეთების განთავსებას და სხვა მსგავს აგრესიულ და უკანონო ქმედებებს. მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ ამჯერად მაინც დაიცვან კანონი და არ შეუშალონ ხელი აქტიურ პარტნიორ კურიერებს მუშაობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვოლტი გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას პარტნიორების დასაცავად.

ჩვენ უკვე რამდენჯერმე გავუგზავნეთ შეტყობინება უკლებლივ ყველა პარტნიორ კურიერს. განვმარტეთ, რომ ყველას აქვს საპროტესტო აქციის გამართვის უფლება და მოვუწოდეთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდენოდნენ კანონის ჩარჩოებს. სწორედ ეს შეტყობინება აღიქვეს მათ მუქარად, დისკრიმინაციად და ანტიკონსტიტუციურ დევნად. ხელშეკრულებას შევუწყვეტთ ყველა იმ პარტნიორ კურიერს, რომელიც დაარღვევს კანონს, ზეწოლას მოახდენს სხვა პარტნიორ კურიერებზე და მიაყენებს შეურაცხყოფას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა სრულყოფილად დავიცვათ ჩვენი პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება.“, – ნათქვამია განცხადებაში.

Wolt კიდევ ერთხელ სთავაზობს პროტესტის მონაწილე კურიერებს შეხვედრას მცირე ჯგუფებად.

მათივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა იმ მოთხოვნებზე, რაც კურიერებს აქვთ – ტარიფების და მანძილის დათვლის პრობლემაზე, თუმცა საუბარი არ არის მენეჯმენტის შეცვლაზე. მათივე თქმით, ვოლტთან პარტნიორობის დაწყებისთანავე, ყველა პარტნიორ კურიერს უფორმდება სადაზღვევო პოლისი. სადაზღვევო შემთხვევის შემდეგ, კურიერებმა უნდა წარადგინონ სადაზღვევო კომპანიის მიერ მოთხოვნილი შესაბამისი დოკუმენტაცია და კომპანია მათ ზარალს უნაზღაურებს.


Wolt-ის კურიერებმა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აპლიკაციის გათიშვისა და პროტესტის უწყვეტობის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ისინი ერთობლივად, კურიერთა კონფერენციაზე შეთანხმდნენ.

მათი მოთხოვნებია:

  • ანაზღაურების ზრდა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • შეკვეთების რეალური მანძილების დაფიქსირება;
  • კოლექტიური შეხვედრა კომპანიის ხელმძღვანელობასთან.

კერძოდ, რაც შეეხება ანაზღაურებას, მათი მოთხოვნაა – საბაზისო ტარიფის 3.50 ლარამდე გაზრდა და კილომეტრის ანაზღაურება 70 თეთრამდე. ახლანდელი საბაზისო ტარიფი შეადგენს 2.50 ლარს, ხოლო კილომეტრის ანაზღაურება 50 თეთრს.

უწყვეტი პროტესტის გადაწყვეტილების შესახებ კურიერები დღეს ქალაქის სხვადასხვა წერტილში მსვლელობას აპირებენ -„რათა ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია და გავაგებინოთ ყველა კურიერს, ვისაც აქამდე ხმა ვერ მივაწვდინეთ”.

კურიერები უკვე 2 თვეზე მეტია, ამ მოთხოვნებით აქციებს პერიოდულად მართავენ.