World Press Photo: მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე

პუბლიკა

World Press Photo-ს განცხადებით, რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელი, მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული გამარჯვებულების პროგრამასა და დაჯილდოების ცერემონიაზე ამსტერდამში.

„ამ ეტაპზე, ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის გამო ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ სტუმარი სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ორგანიზაციიდან. შედეგად, მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული გამარჯვებულების პროგრამასა და დაჯილდოების ცერემონიაზე ამსტერდამში.“

World Press Photo-ს 2025 წლის ჯილდო გადაეცა რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტო TASS-ის წარმომადგენელს, მიხაილ ტერეშენკოს ფოტორეპორტაჟისთვის, რომელიც ასახავს ქართულ პროტესტს, დემონსტრაციებს, რომლებიც სწორედ რუსეთის გავლენებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

ტერეშენკომ საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა.

ამ ფაქტმა ქართველი ფოტოჟურნალისტებსა და დოკუმენტალისტების აღშფოთება გამოიწვია. მათ საერთო განცხადებაც გამოაქვეყნეს და მიუთითეს, რომ TASS-ის ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოსერიის დაჯილდოებით World Press Photo ლეგიტიმაციას აძლევს სააგენტოს, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ცნობილი. ქართველმა ფოტოგრაფებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ World Press Photo-ს გადაწყვეტილება მათთვის იყო შეურაცხმყოფელი.