წოვათის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენიც მუშაობს

პუბლიკა

თუშეთში, წოვათის ხეობაში, სოფელ წაროსთან ხანძარია. ცეცხლი მთის ფერდობზეა გავრცელებული.

ხანძრის ფოტო- და ვიდეომასალას სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ალპურ ზონაშია, ცეცხლი ბალახს გაუჩნდა. უწყების ცნობით, ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი.

ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა. ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეცაღჭურვილობის საშუალებით.

დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს“, – აცხადებს საგანგებო.