Quiz | რა იცი სექსუალური შევიწროების შესახებ
სექსუალური შევიწროება...
სექსუალური შევიწროება ქალთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ის აკრძალულია კანონით და ისჯება ჯარიმით. საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მიუთითებს, რომ განსაკუთრებით დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროება წარმოადგენს უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და ამავდროულად დაფარულ პრობლემას.
როდის მივიღეთ საქართველოში სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი კანონმდებლობა?
ქართული კანონმდებლობა არ იცნობდა ტერმინს „სექსუალური შევიწროება“, არსებობდა 2014 წელს მიღებულ „ანტიდისკრიმინაციულ კანონში“ ზოგადი ჩანაწერი დისკრიმინაციის შესახებ (თუმცა მოგვიანებით ამავე კანონში დიკრიმინაციის განმარტებაში დაკონკრეტდა სექსუალური შევიწროება, როგორც დიკრიმინაციის ფორმა). უშაულოდ სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კი პარლამენტმა 2019 წლის 3 მაისს მიიღო. ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსში, სახალხო დამცველის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი კანონმდებლობით...
2019 წელს მიღებული სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი კანონმდებლობით განიმარტა ტერმინი „სექსუალური შევიწროება“; სექსუალური შევიწროება რეგულირებას დაექვემდებარა როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეში; გაიზარდა სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლები დისკრიმინაციის საკითხებთან დაკავშირებით; დადგინდა ფულადი სანქციები სექსუალური შევიწროებისათვის.
რა მიიჩნევა სექსუალურ შევიწროებად?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. ამავე მუხლში შენიშვნის სახით აღნიშნულია, რომ სექსუალური ხასიათის ქცევად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა, გენიტალიების ჩვენება ან სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა.
რას ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების სამართალდარღვევა?
სექსუალური შევიწროებისთვის ჯარიმა 300 ლარია. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში 500 ლარი ან გამოსასწორებელი სამუშაო. სექსუალური შევიწროება არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 800 ლარამდე, ხოლო განმეორებით ჩადენა 800-დან 1000 ლარამდე ან გამოსასწორებელ სამუშაოს ერთ თვედმე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღით.
ვის ევალება საჯარო სივრცეში სექსულურ შევიწროებაზე რეაგირება?
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირება ევალება პოლიციას. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დგება სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. შემდეგ უკვე ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს. საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება, ერთჯერადად, მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
ვის ევალება სამუშაო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონტროლი?
სამუშაო სივრცეში იქნება ეს საჯარო დაწესებულება თუ კერძო, სექსუალური შევიწროების კონტროლი და მონიტორინგი თავად დამსაქმებელს და სახალხო დამცველს ეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველს ესა თუ ის პირი მიმართავს და ქმედება დადასტურდება, ომბუდსმენი რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომელთა შესრულებაც დამსაქმებელს დაევალება. თუ ორგანიზაციამ არ გაიზიარა ან არ უპასუხა ომბუდსმენის რეკომენდაციას, ომბუდსმენი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეკომენდაციის შესრულება. ამასთან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქვთ ვალდებულება, 10 დღის ვადაში სახალხო დამცველს მიაწოდონ შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა.
დასაქმების ადგილას უმეტესად შემავიწროებელია ...
სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველს, აქტიურად მიმართავდნენ ქალები სექსუალური შევიწროების საკითხებზე. მიმართვები, ძირითადად, დასაქმების ადგილზე მომხდარ ფაქტებს შეეხებოდა. ომბუდსმენის გასული წლის პრაქტიკის მიხედვით, შემთხვევების უმრავლესობაში, შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია, თუმცა, ზოგჯერ, თანამშრომლებს იმავე რანგის ან უფრო დაბალ პოზიციაზე მყოფი პირებიც ავიწროებენ.
ქალი საჯარო მოხელეების რამდენ პროცენტს მიაჩნია სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად?
2021 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოში საჯარო მოხელეთა 34%-ს საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში სექსუალური შევიწროება გამოუცდია. ყველაზე ხშირად კი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ახალგაზრდა, 35 წლამდე ასაკის ქალები ხდებიან. ქალი საჯარო მოხელეების 93%-ს სექსუალური შევიწროება სერიოზულ სოციალურ პრობლემად მიაჩნია, კაცების შემთხვევაში კი ასე მხოლოდ 44% ფიქრობს.
რამდენი ქალი ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია სექსუალური შევიწროება?
2017 წელს საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მომზადებული ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია.
Share your Results: