რა იცით თბილისის იმ შენობებზე, რომელიც ახლა აღარ არსებობს
რომელი კონფესიის წარმომდგენლებისთვის აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს ფოტოზე ასახული ეკლესია?
წმინდა პეტრე და პავლეს სახელზე აშენებული გერმანელთა ლუთერანული ეკლესია, რომელსაც „კირხეს“ უწოდებდნენ, თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული შენობა იყო. „კირხე“ დღევანდელი აღმაშენებლის გამზირზე იდგა და ის გერმანელმა კოლონისტებმა მე-19 საუკუნის ბოლოს ააშენეს. „კირხე“ ნეოგოთიკურ სტილში იყო აშენებული. 1947 წელს კომუნისტურმა მთავრობამ ეს ძეგლი დაანგრია.
რა დანიშნულებით ფუნქციონირებდა ფოტოზე ასახული შენობა?
ე.წ. ქარვასლის თეატრი აშენდა ადგილობრივი მეცენატის გავრილ თამამშევის ხარჯით. შენობა დღევანდელ თავისუფლების მოედანზე იდგა. ის თბილისის პირველი ოპერის თეატრი იყო. მისი მშენებლობა 1847 წელს დაიწყო და ხელმძღვანელობდა იტალიელი არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი. ის 800 მაყურებელს იტევდა. შენობაში განთავსებული იყო ასევე მაღაზიები და სავაჭრო საწყობები. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა გ. გაგარინმა. ექსტერიერში იყო იტალიური რენესანსისა და მავრიტანული არქიტექტურის ელემენტები. შენობა 1874 წელს ხანძარმა გაანადგურა.
რომელი შენობის ადგილას იდგა ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი?
მართლმადიდებლური ქრისტიანული საკათედრო ტაძარი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აშენდა. არქიტექტურულად ის ნეობიზანტიური სტილის იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1930 წელს კომუნისტურმა მთავრობამ დაანგრია ტაძარი, რომლის ადგილას აშენდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე (ახლანდელი პარლამენტის შენობა).
რას უწოდებდნენ თბილისის მეჩეთს, რომელიც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში დაანგრიეს?
თბილისის შიიტური მეჩეთი მტკვრის პირას, მეიდნის სამხრეთით იდგა. გადმოცემით, ის ირანის შაჰმა ისმაილ I-მა 1522-1524 წლებში, მის მიერვე დანგრეული ეკლესიის ადგილზე, ააგო. მეჩეთის გუმბათი და მინარეთის კოშკი ცისფერად იყო მოპირკეთებული, რის გამოც „ცისფერ მეჩეთსაც“ უწოდებდნენ. მეჩეთი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანის კანდიდ ჩარკვიანის ბრძანებით 1952 წელს დაინგრა.
რა ფუნქცია ჰქონდა მეტეხის ეკლესიასთან მდგარ ნაგებობას მე-19-საუკუნეში?
შუა საუკუნეებში მეტეხის უბანში იყო სასახლე, რომელსაც პერიოდულად დამპყრობლები არბევდნენ. 1795 წელს, აღა მაჰმად ხანმა თბილისის აღების დროს მეტეხის სიმაგრე დააზიანა და ეკლესია გაძარცვა. მომდევნო პერიოდში, რუსული იმპერიული მმართველობის პირველ წლებში, 1819 წელს მთავარმართებელ ერმოლოვის დროს მეტეხის ძველი ციხე-სიმაგრე დაანგრიეს და მის ნაცვლად საპყრობილის კორპუსები ააგეს.
რომელი ხიდის ადგილას იყო მუხრანის ხიდი?
ამჟამინდელი ბარათაშვილის ხიდის ადგილას მუხრანის ხიდი არსებობდა. მუხრანის ხიდი ე. პატონის პროექტით აიგო. ერთმალიანი ლითონის ხიდი 1911 წელს ხუთ თვეში ააგეს. ხიდს „მუხრანის“ სახელწოდება გამოჰყვა (ამ ადგილზე არსებულ მუხრანბატონის სახლის და უბნის გამო). მუხრანის ხიდი 1965 წელს დაანგრიეს და ახალი ხიდი ააგეს, რომელსაც ბარათაშვილის სახელი ეწოდა. მუხრანის ხიდამდე, XIX საუკუნეში ამ ადგილას მუშაობდა ბორანი, რომელიც ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩას რიყესა და ავლაბართან აკავშირებდა. მას დღე-ღამეში ათასობით ადამიანი გადაჰყავდა.
რა შენობა დგას ფოტოზე ასახული შენობის ადგილას?
სახლი მელიქიშვილის ქუჩაზე, დღევანდელი ფილარმონიის ადგილას იდგა. სამსართულიანი სახლი 1928 წელს აშენდა. სახლის ადგილას საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 1949 წელს დაიწყო. ფილარმონიის მშენებლობა 1960-იანი წლების ბოლოს დასრულდა.
როდის დაანგრიეს „ანდროპოვის ყურები“?
1983 წელს სსრკ-ის კომპარტიის გენერალური მდივნის იური ანდროპოვის საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე დღევანდელ რესპუბლიკის მოედანზე მონუმენტური ნაგებობა ააგეს, რომელსაც „ანდროპოვის ყურები“ შეარქვეს. რესპუბლიკის მოედანი საბჭოთა მთავრობამ აღლუმების გასამართ მოედნად აქცია. მონუმენტური ნაგებობის ავტორი ო. კალანდარიშვილი იყო. ნაგებობა 2005 წელს დაანგრიეს.