WSJ: აშშ-ის წინადადება ომის დასრულებაზე უკრაინისგან ყირიმის აღიარებას მოითხოვს

პუბლიკა

აშშ-ის წინადადება ომის დასრულებაზე ყირიმის აღიარებას და უკრაინის NATO-ში გაწევრების დაბლოკვას მოიცავს.

ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის იდეები უკრაინაში ომის დასრულებაზე კონფიდენციალურ დოკუმენტში იყო თავმოყრილი, რომელიც უკრაინის წარმომადგენლებს გასულ კვირას, პარიზში წარედგინათ.

გამოცემის ცნობით, აშშ ახლა კიევის პასუხს ელოდება. აშშ-ის, უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები ერთმანეთს ოთხშაბათს ლონდონში შეხვდებიან.

პარასკევს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, შეაჩეროს მოლაპარაკებები, თუკი მომდევნო რამდენიმე კვირაში მთავარ საკითხებზე წინსვლა არ მოხდება.

WSJ-ს ინფორმაციით, აშშ-ის კიდევ ერთი წინადადებაა ზაპორიჟიაში ატომური რეაქტორის მიმდებარე ტერიტორიის ნეიტრალურ ტერიტორიად განსაზღვრა, რომელიც შეიძლება, ამერიკის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდეს.

მარტში, როცა აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, ტრამპმა ახსენა აშშ-ის მიერ უკრაინის ელექტროსადგურების შეძენა, მათ შორის ატომურ ობიექტების.

გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, უსაფრთხოების რა გარანტიებს მიიღებს უკრაინა, აშშ-ის წინადადებებზე დათანხმების შემთხვევაში.