WSJ: რუბიო და კელოგი ტრამპს ურჩევენ, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა ჰქონდეს

პუბლიკა

WSJ-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის გარემოცვის რამდენიმე წევრი, მათ შორის მარკო რუბიო და კეიტ კელოგი პრეზიდენტს ურჩევენ, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი და ფრთხილი მიდგომა ჰქონდეს.

გამოცემა წერს, რომ ისინი სკეპტიკურად უყურებენ პუტინის ინტერესს უკრაინაში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

WSJ-ის თანახმად, მათი განცხადებით, ვლადიმირ პუტინს ომის შეჩერების ნამდვილი ინტერესი არ გამოუვლენია.

თუმცა, დონალდ ტრამპი კვლავ მხარს უჭერს სტივ ვიტკოფს, რომელიც პუტინთან ორჯერ შეხვედრის შემდეგ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშვიდობის დამყარება სურს.

რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე აშშ-ის შეთავაზებას არ დათანხმდა და კვლავ აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას.

13 აპრილს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე საჰაერო იერიშს 34 მოქალაქე ემსხვერპლა, დაიჭრა 100 ადამიანი. ტრამპმა თავდასხმას „შეცდომა“ უწოდა და თქვა, რომ ეს ომი ჯო ბაიდენმა დაუშვა.

კეიტ კელოგმა წერილობით განცხადებაში თქვა, რომ რუსეთის ეს თავდასხმა „წესიერების ყველა ზღვარს კვეთს“, მარკო რუბიომ კი ის შეაფასა, როგორც „საშინელი“ და „ტრაგიკული“.