კიევის ცნობით, რუსეთმა დაიწყო უპილოტო საჰაერო თავდასხმა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ირანული წარმოების „შაჰიდის“ ოცდათხუთმეტივე დრონი გაანადგურა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს დილით განაცხადა, რომ ოკუპანტებმა 16-მდე სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვზე, ხერსონზე, მიკოლაივსა და ოდესის რეგიონებზე. ასევე 61 საჰაერო იერიში და 52 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა უკრაინის პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე.
„სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაჭრილები მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია მაღალსართულიანი შენობები, კერძო სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – იტყობინება სააგენტო Reuters, სამხედროებზე დაყრდნობით.
კიევის მერის თქმით, დედაქალაქში, მინიმუმ, ხუთი ადამიანი დაშავდა – სამი ადამიანი კიევის სოლომიანსკის რაიონში აფეთქებების შედეგად, ხოლო ორი – დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას სვიატოშინის რაიონში. დაზიანდა მანქანები და საცხოვრებელი კორპუსები.
ქალაქ ოდესაში დაიწვა სურსათის საწყობი, თუმცა ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება Reuters-მა ვერ შეძლო.
„რუსეთმა გააძლიერა ბახმუტის დაბომბვა, იმის იმედით, რომ მას სამშაბათს აიღებს“ – თქვა უკრაინის მთავარმა გენერალმა მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ დაქირავებულმა ვაგნერის ჯგუფმა გადათქვა ტერიტორიიდან გასვლა.