საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი დაეცა და რეანიმატოლოგის დახმარება გახდა საჭირო.
როგორც ადვოკატი ამბობს, შიმშილობის გამო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს.
„ღამით მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა. ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციასა და დასკვნაში თქვა. შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის მესამე პრეზიდენტი, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება”, – განაცხადა ადვოკატმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად შექმნილ კონსილიუმს კარდიოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ზურაბ ფაღავამ დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის არასაკმარისი პირობების გამო ეწინააღმდეგებიან.
გუშინ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და დღის ბოლოს განცხადებაც გაავრცელა.
ომბუდსმენის თქმით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.