სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაუდებელი არაა, თუმცა წონის მნიშვნელოვანი დანაკარგია და დროული ჩარევა აუცილებელია. სააკაშვილის ჯანმრთელობაზე წულაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცეში“ ისაუბრა.
მისი თქმით, ის ვერ იღებს ცილოვან საკვებს, რადგან მასზე გულისრევა აქვს. შესაბამისად, იღებს ნაკლებ კალორიას,
„დაახლოებით, 600-800 კალორიას იღებს. ამაზე 2-3-ჯერ მეტი სჭირდება. ეს არ არის გადაუდებელი მდგომარეობა – ასეთი აზრი მუსირებს, მაგრამ ჩემი აზრი, როგორც ერთ-ერთი ექიმის, ასეთია, რომ ეს გადაუდებელი მდგომარეობა არ არის, მაგრამ წონის ისეთი დანაკარგია, რომ დროზე ჯობს მდგომარეობის გამოსწორება“, – განაცხადა წულაძემ.
შეკითხვაზე, აუცილებელია თუ არა, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმი პასუხობს, რომ, დიაგნოზიდან გამომდინარე, მას გარემოს შეცვლა სჭირდება.
„ეს თემა ჩემთვის ცოტა ძნელი საპასუხოა. საქართველოში კი არის შესაძლებელი, მაგრამ იმ გარემოში არ არის შესაძლებელი, სადაც არის. საზღვარგარეთ წასვლა თუ იმას გულისხმობს, რომ გარემოს შეცვლა სხვანაირად შეუძლებელია საქართველოს პირობებში, ჰო, მაგრამ საქართველოს პირობებშიც შესაძლებელია გარემოს შეცვლა. გარემოს შეცვლა არის მისთვის მკურნალობა“, – განაცხადა წულაძემ.
თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ადაპტაციის აშლილობა აქვს, ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა.
„ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა. ეს არის ადაპტაციის აშლილობა, რასაც პენიტენციური სამსახური უწერს, ჩვენ რაც ვნახეთ, მას ჰქონდა ანორექსია, რის გამოც, ის იკლებს წონაში და კუნთოვან მასას კარგავს. ადაპტაციის აშლილობა თავის თავში გულისხმობს, რომ ის იმ გარემოს ფსიქოლოგიურად ვერ შეეგუა. ეს პათოლოგიური მდგომარეობაა. შესაბამისად, უნდა მოხდეს გარემოს ცვლილება, რომელსაც ვერ შეეგუა. კონფლიქტი წარმოიქმნება პაციენტის მკურნალობასა და არსებულ მდგომარეობას შორის. ის იღებს მედიკამენტებს, რაც დანიშნული აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მედიკამენტური მკურნალობა საკმარისი არ არის.“ – ამბობს წულაძე.