პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან 6 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამასთან მას დაზარალებულთან კონტაქტი აეკრძალა. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ პოლიტიკოსის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა დაუდასტურა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 მარტის გადაწყვეტილებით, პოლიტიკოს გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
გოგი წულაია 17 მარტს ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 18 მარტს პროკურატურამ მას ბრალდების მუხლი გადაუკვალიფიცირა. გამოძიება პოლიტიკოსს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებაში ადანაშაულებს (სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურის ვერსიით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ალკოჰოლი მიიღო, რის შემდეგაც დაზარალებულ ქალთან ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ადვოკატის თქმით, გოგი წულაია ძალადობის ფაქტს უარყოფს.