„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ.
ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს.
„სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტების მიზანმიმართული ჩამოშლის, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის საფრთხის შექმნის, გელათის უნიკალური მხატვრობის შელახვის, ქოროღოს კოშკის განადგურების შემდეგ, სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტების შეჩერებისა და ჩაშლის, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის, ოცამდე შრომითი დავის სასამართლოში წაგების, კინოცენტრის, მწერალთა სახლის, კონსერვატორიისა და სამეცნიერო ინსტიტუტების მიტაცების მიუხედავად, 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ მოუსმენს თეა წულუკიანის კულტურის მართვის, სინამდვილეში კი კულტურის ჩამოშლის სტრატეგიას, რათა 8 თებერვალს კიდევ ერთხელ გამოუცხადოს მას ნდობა კულტურის მინისტრის პოსტზე. თეა წულუკიანს უნდობლობას უცხადებენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები! წულუკიანი ანგრევს ქართულ კულტურას! წულუკიანი არ შეიძლება იყოს კულტურის მინისტრი! კულტურა ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.