წულუკიანი: არ ვიცი, არესტოვიჩს დიპლომატიურ-კულტურული თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას საქართველოში მმართველი გუნდის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. როგორც არესტოვიჩმა თქვა, საქართველოში რუსების დიდი რაოდენობით შემოდინება პრობლემაა, „საქართველოს „პრორუსულ ხელისუფლებას“ კი გადაწყვეტილებების მიღების უნარი არ აქვს. ამიტომ, მისი თქმით, მათ მოუწევთ ქართველების გადარჩენა და ძალის პროეცირება. მისი თქმით, სხვადასხვა გზით შეიძლება მოლდოვის, საქართველოს, სომხეთის დახსნა.

როგორც მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, „ჩვენ კიდევ ერთხელ მომსწრენი ვართ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული არამეგობრული ნაბიჯის”.

„ახლახან გავიგეთ უკრაინის ხელისუფლების ლიდერის ბოლო განცხადებები, სადაც ტერმინებით „ნაში პაცანით“ გვემუქრება, თუ როგორ ჩამოვა ომისგან უმუშევრად დარჩენილი მილიონი ადამიანი და საქართველოში წესრიგის დამყარებას დაიწყებს. მისი ლოგიკა ასეთია – ჯერ შედის ჯარი, ჯარს დიპლომატები მოჰყვებიან და დიპლომატებს – ინვესტორები. ანუ ჩვენ ახალ იმპერიალისტებს ვიღებთ, როცა ჯერ შემოდიოდა რუსული ჩექმა, მას მოჰყვებოდა დიპლომატია, წესი და შემდეგ რუსული აღმშენებლობა. ახლა არესტოვიჩეულ-უკრაინული გეგმა ეს არის. არ ვსაუბრობ მთელ უკრაინაზე. ქართველებო, კარგად ვიცოდეთ, „სლავა უკრაინა“ რა არის მებრძოლებისთვის და რა არის არესტოვიჩისთვის – აქ ძალიან მკვეთრი სხვაობაა”, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, ეს განცხადება გამაოგნებელია. მისივე თქმით, ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს.

„მე არ ვიცი, ამას დიპლომატურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, თუ რა ეკუთვნის, რადგან გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს, რომელიც უმძიმეს ვითარებაშია, განსაცდელშია. ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ხელთ იყო და არის, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერის, თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, უკრაინელ ხალხზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე იზრუნონ სწორედ იმ მაღალჩინოსნებმა, უკრაინელებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული”, – განაცხადა წულუკიანმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, არესტოვიჩის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია.

„მე ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ არავის მოსაზრებას ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში. მაგრამ საქართველოში ძალის გამოყენება, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, მშვიდობიანი, დასავლური და ეკონომიკური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, იქნება იმის ძალიან ბევრი და დიდი შანსი, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად დავიბრუნოთ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, ძალით წაგვართვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.