წულუკიანი: „ბერლინალეზე“ ჩვენი დესკი ხელშეშლის გარეშე მუშაობდა

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „ბერლინალეზე“ კინოცენტრის მიერ დაფინანსებული დელეგაციის მუშაობა „იმედის“ ეთერში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ კინოცენტრი ღირსეულად იყო წარმოდგენილი.

„ბერლინალეს მთელი მიმდინარეობის პროცესში ეროვნული კინოცენტრი იყო ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი სწორედ ქართული კინოს წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაციით.

ამან მოიტანა ის, რომ პავილიონში, რომელიც სახელმწიფომ, ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა, 50-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა, აღარაფერს ვამბობ ინდივიდუალურ შეხვედრებზე, რომლებიც დელეგაციის წევრებმა – იქნებოდნენ ეს რეჟისორები, მსახიობები თუ პროდიუსერები – გამართეს ისე, როგორც მათ წარმოედგინათ და როგორც გვითხრეს, და გვჯერა, რომ ასეა, მოიპოვა კიდეც სხვადასხვა თანამშრომლობის დაპირება ან დაფინანსება. სწორედ ამას ემსახურება სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ტიპის ღონისძიებების დაფინანსება და არა იმას, რომ ეს იყოს ფასადი“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, იყო საბოტაჟის მცდელობები, რომლებიც აღიკვეთა, რადგან „ქართული კინო არ იმსახურებს იმას, რომ ქვეყნის გარეთ ყოფნისას მის წარმომადგენლებს რამე პრობლემა შეუქმნას“.

ინტერვიუში წულუკიანმა ისაუბრა „საქართველოს კინოინსტიტუტის“ სტენდზეც და აღნიშნა, რომ ის არ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

„საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული კინოცენტრის და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰქონდა ერთი პავილიონი, ხოლო მეორე სტენდი იყო ქართული კინოს სახელით, მაგრამ ბატონი ხაზარაძის მიერ დაფინანსებული კერძო ინიციატივის ფარგლებში. თავისთავად არაფერია ცუდი იმაში, რომ ქართული კინო მეტი სტენდით და მეტ ფორუმზე იყოს წარმოდგენილი, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს თავისი მევახშეობითა და წარსულში სხვადასხვა არასანაქებო საქციელით ცნობილი ბიზნესმენი, ყოფილი ბანკირი რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეკეტირად მუშაობდა სააკაშვილის დროს, მამუკა ხაზარაძე, რა თქმა უნდა ეს უკვე სხვა ელფერს იძენს.

სტენდი, რომელიც მან დააფინანსა არ იყო ჩვენი გადასახედიდან მოწოდების სიმაღლეზე, იმიტომ, რომ როდესაც ისეთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას ქართული კინოსი, გავკადნიერდები და ვიტყვი, ის იყო ერთადერთი მნიშვნელოვანი ფიგურა მათ მხარეს, ქალბატონ ლანა ღოღობერიძეს იწვევ შენს სტენდზე, ცოტა მეტი ინვესტიციის ჩადებაა საჭირო, რომ შეუქმნა ის პირობები ამ ღირსეულ ადამიანს, რაც ეკუთვნის. ჩვენ გვქონდა სურვილი, რომ ქალბატონი ლანა თავისი სამშობლოს, თავისი სახელმწიფოს დესკზე მოგვეწვია, თუმცა მას რატომღაც არ მიეცა ამის შესაძლებლობა, თუმცა, როგორც შევატყვეთ, მას ამის დიდი სურვილი ჰქონდა…

გულდასაწყვეტია, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, თავისი საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის გამოიყენოს ხელოვნების ესა თუ ის რესურსი. მთავარია, რომ ჩვენი დესკი ხელშეშლის გარეშე მუშაობდა რისი სურვილიც თავიდან ჰქონდათ და ეს ჩვენი სამუშაო რეალური შედეგებითაც დასრულდა“, – განაცხადა წულუკიანმა.


ბერლინის კინოფესტივალის კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრის სტენდის დელეგაცია 34 ადამიანით იყო წარმოდგენილი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა.

დელეგაციაში კინოცენტრის და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შედიოდნენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ისა და „იმედის“ თანამშრომლები. მათი ნაწილი გაფორმებულია, როგორც „პიარის დეპარტამენტის“ თანამშრომელი. სიაში ასევეა მომღერალი ნინი ბადურაშვილი და რეჟისორი ლეო გაბრიაძე.