წულუკიანი: დავით ლორთქიფანიძე დამეთანხმა, რომ მუზეუმების გაერთიანებამ არ გაამართლა

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სამუზეუმო სივრცეში დაგეგმილ ცვლილებებსა და სიახლეებზე ისაუბრა. მისი თქმით, დასრულდა შალვა ამირანაშვილის მუზეუმში ე.წ. 80-იანი წლების შენობის ორი სართულის რეაბილიტაცია. ამასთანავე, დააარსეს საუკეთესო მუზეუმელის უწყებრივი ჯილდო და იგეგმება თანამედროვე მუზეუმის შექმნა.

„ამ მუზეუმს [შალვა ამირანაშვილის მუზეუმს] თითქოს ვანგრევდით, მაგრამ ისე კარგად ვანგრიეთ, რომ შემოგვეშენა. ეს ხუმრობით“,  – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ტენდერი, რომ ამ კორპუსის სხვა 5 სართული გადაიქცეს თანამედროვე მუზეუმად. რეაბილიტაციისთვის, როგორც წულუკიანი ამბობს,  10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„თუ არ ჩაიშალა ტენდერი, ყველაზე გვიან 2024 წელს შევხვდებით შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ამ კორპუსში“, – ამბობს წულუკიანი.

წულუკიანის თქმით, ის შეუთანხმდა დავით ლორთქიფანიძეს რომ „ქარვასლის“ მუზეუმს, მისმა ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო ჭიპაშვილმა „ცოტა სხვანაირად მიხედოს“. მისივე თქმით, დავით ლორთქიფანიძე მას დაეთანხმა, რომ მუზეუმების გაერთიანებამ არ გაამართლა და „ცოტა სხვანაირად გვჭირდება მუშაობა“

წულუკიანი: მე ძალიან მომწონს და კარგია, როდესაც დიალოგის შედეგად კონსენსუსი დგება. მაგალითისთვის ჩვენ უკვე გვაქვს თანხმობა ეროვნული მუზეუმის გენდირექტორთან, ბატონ დავით ლორთქიფანიძესთან, რომელიც ბოლოს დამეთანხმა, რომ ამ გაერთიანებამ არ გაამართლა და ცოტა სხვანაირად გვჭირდება მუშაობა. „ქარვასლა“ ეროვნული მუზეუმების დიდ ქსელშია გაერთიანებული.

ჟურნალისტი: თქვენი [წულუკიანისა და დავით ლორთქიფანიძის] ურთიერთობები დათბა? შეიძლება ასე ითქვას?

წულუკიანი: დათბას მე სხვა რამეს ვუწოდებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აღიარება სახეზეა და ეს აღიარება არ დამდგარა იძულების წესით. ეს ხუმრობით.

შესაბამისად, თბილისის ისტორიის გამოფენა, რომელიც 2006 წელს მოიშალა, აღდგება. ახლა აღდგა მხოლოდ მე-19, მე-20 საუკუნის შესახებ გამოფენა. თითქოს თბილისი მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაჩენილიყოს. სულ არაფერს სჯობს და მადლობა მათ ამისთვის, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ახლა გვაქვს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ახალმა ხელმძღვანელმა ნინო ჭიპაშვილმა „ქარვასლას“ ცოტა სხვანაირად მიხედოს. დღეს ვთქვით ეს, რომ თბილისის ძველი დასახლებების პერიოდიდან დამოუკიდებლობის აღდგენის დღემდე მასშტაბურ გამოფენას აღვადგენთ იმისთვის, რომ ბავშვებმა და უცხოელმა სტუმრებმა გაიგონ, როგორ დაიბადა და ვითარდებოდა თბილისი.“ – განაცხადა წულუკიანმა.