იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის ანგარიში გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალურ სუბკულტურას გავლენა არ აქვს.
„რაც შეეხება ე.წ. მაყურებლების თემას, თქვენ ვერ ახსენით, რა არის საერთოდ ეს. არც ანგარიშშია ნათქვამი, რა არის ეს. ჩვენ ვიცით კანონითაც და პრაქტიკაშიც ერთადერთი სტატუსი – კანონიერი ქურდის სტატუსი. ასეთი სტატუსით ჩვენს საპატიმროებში ერთადერთი პირია და ის არ იმყოფება იმ საპატიმროებში, რომელიც თქვენს ანგარიშშია“, – მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გამოსვლისას წულუკიანმა სახალხო დამცველს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ყოველდღიურად, ე.წ. ზონების საერთო ეზოებში 2000-ზე მეტი პატიმარი გადის, სადაც ზოგიერთი მათგანი ცდილობს სხვებზე დაამყაროს გავლენა. თუმცა წულუკიანი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ სისტემაში ასეთ პატიმრებს აკონტროლებენ და სჯიან.
„რეალობა არის შემდეგი: ამ ე.წ. ზონებში თუ რომელიმე პატიმარი დააპირებს გააკონტროლოს სხვა პატიმრის ქცევა ან გაბედავს და იტყვის, რომ ფული უნდა შეგროვდეს, ასეთ დროს ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ხდება მოცემული პატიმრის მხრიდან რისკის გადაფასება და ხდება მათი დასჯა ან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანა.
2019 წელს N17 დაწესებულებიდან დახურულ დაწესებულებაში გადაყვანილ იქნა 11 ასეთი პატიმარი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და ლომჯარიას კონკრეტული გვარების დასახელება მოსთხოვა.
თეა წულუკიანმა სახალხო პროკურატურაში ჩვენების მიცემაც მოითხოვა, რადგან, მისი თქმით, თუ ლომჯარიას აქვს დანაშაულზე ინფორმაცია, ამის შესახებ მან საგამოძიებო უწყებას უნდა უამბოს.
სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში კი საუბარია, რომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად განაპირობებს პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას.
„კრიმინალური სუბკულტურის გავლენით ხდება პატიმრების არაფორმალური დაყოფა. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც იმყოფება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რეპრესიული მეთოდებით მიმართავს არაფორმალურ მმართველობას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებებში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არ დაემორჩილებიან არაფორმალური მმართველობის წესებს.
N2 დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრები 30-23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკანში, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო ინფორმაცია, რომ კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, სოციუმიდან რიყავენ და გადაჰყავთ სხვა კორპუსში; პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს“, – ნათქვამია ანგარიშში.