წულუკიანი: ეს არ არის ის სანქციები, რომელმაც შეაჩერა სისხლისღვრა

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო სანქციებს ვერ შეუერთდება, რადგან ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საზიანოა.

„ძალიან მარტივი ლოგიკაა, აქ არანაირი გეოპოლიტიკური პარადიგმების ანალიზი არ არის საჭირო ან რაიმე ტიპის განათლება საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტოლოგიაში. მარტივ და რეალურ მიზეზს ვამბობთ, რომ ვერცერთი ეკონომიკური სანქცია, რომელიც არის შემოთავაზებული, ვერ იქნება ჩვენს მიერ გაზიარებული იქიდან გამომდინარე, რომ ამან შეიძლება ჩვენი თუნდაც ერთი მოქალაქე და ეროვნული ინტერესი დააზიანოს. შესაბამისად, ეკონომიკურ ნაწილში ჩვენ სანქციებს არ ვუერთდებით და არავითარი კომპლექსი არ გვაწუხებს არავის“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, სანქციები, რომელიც დაუწესდა რუსეთს მტკივნეულია, მაგრამ ვერ აჩერებს სისხლისღვრას უკრაინაში.

„ეკონომიკური სანქციები, რა თქმა უნდა, მტკივნეულია რუსეთისთვის, მაგრამ ეს არ არის ის სანქციები, რომელმაც შეაჩერა სისხლისღვრა. რა მომენტშიც ჩვენ ვსაუბრობთ, სისხლისღვრა ისევ გრძელდება. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რა წითელ ხაზებს გვიდგენს ჩვენ ჩვენივე ქვეყნის ინტერესები, პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელიც გაკეთებულია გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს და სხვა ფორმატებში.“ – განაცხადა წულუკიანმა.