წულუკიანი იუნესკოს დასკვნაზე: გაცემულია რეკომენდაციები, რაც სამუშაო პროცესია და არა პოლიტიკური

პუბლიკა

კულტურის სამინისტრომ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნა გამოაქვეყნა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესსრელიზში ნათქვამია, რომ ეს დასკვნა სამინისტროსათვის ერთადერთი სახელმძღვანელო და საბაზისო დოკუმენტია, რომლის მიხედვითაც გელათის სამონასტრო კომპლექსში გაგრძელდება 2008-2020 წლებში შექმნილი პრობლემების აღმოფხვრა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია გადახურვაზე, რომლის მონტაჟიც 2015-2018 წლებში განხორციელდა და ტაძარში წყალი ჩადიოდა 2020 წლის ჩათვლით.

„მინისტრმა შეახსენა ოპონენტებს, რომ მისი მოადგილეები და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი არ მუშაობდნენ მოცემულ პერიოდში კულტურის სამინისტროში და კულტურის მინისტრად ის თავად დაინიშნა მხოლოდ 2021 წლის 19 მარტს. მანამდე პროცესებს ხელმძღვანელობდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ოფიციალურად და სამართლებრივად ჰქონდა დელეგირებული ძეგლებზე ზრუნვის ყველა უფლებამოსილება“, – ვკითხულობთ რელიზში.

სამინისტროს ცნობით, იუნესკო სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას, 2022 წლის ოქტომბერში სრულად შეჩერებული სამუშაოები (რაც სამინისტროს გადაწყვეტილება არ ყოფილა), „შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლდეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ წარადგინა, და ამ პროგრამის განხორციელებისას გათვალისწინებული იქნეს დასკვნაში შემოთავაზებული რეკომენდაციები“.

„რასაკვირველია, გაცემულია რეკომენდაციები, რაც არის სამუშაო პროცესი და არა პოლიტიკური. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი თემის პოლიტიზება ხდება, მაგრამ ძეგლთან დაკავშირებით ეს დაუშვებელია“, – განაცხადა წულუკიანმა.

რელიზში ნათქვამია, რომ იუნესკო სამინისტროს გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო აკრიტიკებს.

რაც შეეხება კედლის მხატვრობას, სამინისტროს გავრცელებულ რელიზში ვკითხულობთ, რომ კედლის მხატვრობასთან დაკავშირებით, იუნესკო იწონებს გამოყენებული მეთოდებიდან არაერთ მათგანს და შესწორება შეაქვს ზოგიერთი ნივთიერების შემადგენლობის განსაზღვრაში. რეკომენდაციების სრული სია იხილეთ ბმულზე.

სამინისტროს ცნობით, იუნესკო გვაძლევს რეკომენდაციას, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ დაპროექტება ქოლგისებრი დროებითი გადახურვისა, რომელიც ტაძარს ზემოდან სახურავის სახით დროებით დაეფარება.

იუნესკო სამინისტროს ასევე ურჩევს, რომ იმ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, რომლებიც მუშაობს ადგილზე, უფრო მეტი ქართველი რესტავრატორი ჩაერთოს პროცესში.

იუნესკო სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შექმნის რჩევას აძლევს.

„მეც ასე მეგონა, როცა 2021 წელს ჯგუფს ვქმნიდი, რომ ერთად მუშაობა სჯობდა, მაგრამ ზოგიერთმა წევრმა მაშინ მუშა პროცესს სამინისტროსთან პიკეტი, პოლიტიკური პროცესი და ფეისბუქზე ყოფნა არჩია ძეგლის დაცვას. მოგიწოდებთ ყველა ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ კვლევით ცენტრს, რომ დავტოვოთ ეს წარსულში და წინ წამოვწიოთ ისევ გელათი და მისი ინტერესი. ჩვენ ამ ჯგუფს განვაახლებთ და მისი პირველი სხდომა ჩაინიშნება 17 თებერვალს“, – განაცხადა მინისტრმა.


რა მოხდა გელათში?

გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.

2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდვეს.

ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.

სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.

ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.

ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.

უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.

ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.