წულუკიანი „ჯადოსნურ მთაზე“: ეს არის აფიორა, კინოცენტრი თავს მოტყუებულად გრძნობს

პუბლიკა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში დოკუმენტურ ფილმ „ჯადოსნურ მთაზე“ ისაუბრა და ფილმის რეჟისორები სახელშეკრულებო პირობების დარღვევაში დაადანაშაულა.

წულუკიანის თქმით, კინოცენტრს ასეთი შემთხვევებისთვის აქვს მცირე ბერკეტი და ალბათ „ამ მცირე ბერკეტს გამოიყენებს“.

საუბარია მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის დოკუმენტური ფილმ “ჯადოსნური მთაზე”, რომელიც აბასთუმნის ტუბდისპანსერზეა.

წულუკიანის თქმით, ფილმი 2016 წელს დაფინანსდა როგორც დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „აბასთუმანი“, კონკრეტული სცენარის საფუძველზე და ხელშეკრულებაში, რომელიც რეჟისორთან გაფორმდა ჩაიწერა, რომ სცენარის ცვლილება დაუშვებელი იყო.

მისი თქმით, ფილმი 2017 წელს ჩაბარდა და თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც კინოცენტრმა ჩაიბარა, საუბარი არ იყო ბიძინა ივანიშვილზე.

წულუკიანი ამბობს, რომ რეჟისორმა ფილმში ცვლილებები 2018 წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმნის განახლება დააანონსა.

„ჩემთვის უფრო მტკივნეულია ეს ამბავი, ფილმი ქალი რეჟისორის გადაღებულია, რომელიც ალბათ ფიქრობს, რომ ახლა დადგა მომენტი, რომ გზადაგზა შეცვალოს ეს და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკით დაიმკვიდროს ადგილი. უცვლის ფილმს სახელწოდებას – „აბასთუმანი“ ხდება „ჯადოსნური მთა“ და მის ავტორს ალბათ აქვს სურვილი, რომ თანამედროვე ცაუბერბერგი შექმნას და ამის ნაცვლად ვიღებთ ერთ მშვენიერ აფიორას.

აფიორა არის გამოხატული რაში – რაკი ივანიშვილი შემოდის აბასთუმანში ისტორიული კურორტის ასაღორძინებლად, რეჟისორი ცვლის სცენარს კინოცენტრის დაუკითხავად და დოკუმენტურ ფილმში ამბობს ტყუილს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა ტუბერკულოზთან ბრძოლის მთელი სამედიცინო ინფრასტრუქტურა აბასთუმანში და რაც მთავარია, ამის შესახებ კინოცენტრი იგებს ტელევიზიით, როცა ცნობილი ხდება, რომ ამ ფილმის ჩვენება მოხდა სადღაც.

ბიძინა ივანიშვილმა რომ გაჩანაგებული, საბჭოთა ინფრასტრუქტურის ტუბდისპანსერის ნაცვლად ააშენა სრულიად ახალი ფილტვის დაავადებებთან ბრძოლის ცენტრი, ეს არაფერში არ ითვლება. მთავარია დოკუმენტურ ფილმში იყოს ტყუილი, რომელიც, სავარაუდოდ, ქალ რეჟისორს თავის პროდუქტიანად გახდის გაყიდვადს. თუმცა, მე მგონია, რომ ასეთი ტყუილებით კომერციული პროდუქტი არ იყიდება”, – ამბობს წულუკიანი.

კითხვაზე აქვს თუ არა ასეთ შემთხვევების დროს კინოცენტრს რაიმე ბერკეტი, მინისტრმა უპასუხა:

„კინოცენტრი ასეთ მაგალითებს სწავლობს და მერე ჭკუაც უნდა ისწავლოს. ეს არის სახელმწიფო ფული და ის უნდა დაიხარჯოს იმ ფილმის შექმნისთვის, რომელიც შერჩეულია კონკურსის წესით.

როცა ხელოვანი გადაწყვეტს რომ მე ფული ჯიბეში ჩავიდე და ახლა სცენარს მინდა გადავაკეთებ, მინდა გადმოვაკეთებ. ეს ასე არსად არ ხდება.

ბერკეტი ჩვენ დღეს მცირე გვაქვს, მაგრამ ალბათ ამ მცირე ბერკეტსაც გამოიყენებს კინოცენტრი. იმიტომ, რომ ის რეალურად მოტყუებულია. არ მინდა სამართლებრივი ტერმინები გამოვიყენო, ასეთ დროს რასაც ვამბობთ ხოლმე, რა ტიპის დარღვევაც იყო”, – ამბობს წულუკიანი.

მისი თქმით, ქალი რეჟისორი ცდილობს იაფფასიანი მეთოდებით გაყიდოს თავისი პროდუქტი.

„კინოცენტრის არავის დუქანი არაა. კინოცენტრი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელსაც თქვენ მიმართავთ და რომელიც თქვენ გიფორმებთ ხელშეკრულებას უფლება – მოვალეობების შესახებ. უფლება-მოვალეობაა რომ გადაიღო ფილმი და მიიღო ფული იმ კონკრეტული სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმში, რომელზეც კინოცენტრი გიწერს, რომ შენ ამ სცენარიდან გადახვევის უფლება არ გაქვს.

ეს არ არის ცენზურა, ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ვსაუბრობთ სახელშეკრულებო ურთიერთობების დაცვაზე და ვიღებთ ძალიან საცოდავ შედეგს, როდესაც ქალი რეჟისორი ცდილობს საკუთარი თავი გაყიდოს იაფფასიანი მეთოდებით. ამით არც კინოცენტრს დააკლდება არაფერი, თუ ამაზე თვალს დახუჭავს და გადავა ჯანსაღ სახელშეკრულებო ურთიერთობებზე და  გააუმჯობესებს ბერკეტებზე და მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილს არაფერი დააკლდება, მაგრამ ქართული კინო ზიანდება.

მის ნაცვლად შეიძლებოდა ალბათ სხვას, რომელსაც არასოდეს ჰქონია შესაძლებლობა, რადგან ეს ფული ერთი ხალხის ხელში ტრიალებდა, გადაეღო ნამდვილი დოკუმენტური ფილმი და ნახევარ პროდუქტი არ ჩაებარებინა”, – ამბობს წულუკიანი.


„ჯადოსნური მთა” ერევნის კინოფესტივალის გამარჯვებული და ვერცხლის გარგარის მფლობელია. ფილმი საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა ესპანეთში, ფესტივალ Docsbarcelona-ზე. „ჯადოსნური მთა“ მიუნხენის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საერთაშორისო კონკურსის ნომინანტი იყო.

„აბასთუმანში საუკუნოვანი შენობა დგას, სადაც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები იზოლირებულად ცხოვრობენ. ერთ დღესაც ამ შენობას ოლიგარქი აღმოაჩენს და მის შეძენას გადაწყვეტს“, – ვკითხულობთ ფილმის სინოფსისში.