ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა, რას უპასუხებდა ოპოზიციის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც, გვარამიას დაკავება ევროპული გზის საბოტაჟია და „ოცნებას“ სურს, საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
„ამაზე ბევრი რამ შემიძლია ვთქვა, მაგალითისთვის ის, რომ წულუკიანი ანგრევს ხელოვნების მუზეუმს და შემდეგ წულუკიანი ხსნის რეაბილიტირებულ სივრცეს ხელოვნების მუზეუმში და მთელი ხოშტარიები თუ ხოჭკვიანები იდგნენ და პიკეტს ატარებდნენ, ანგრევს მუზეუმსო აღმოჩნდა, რომ კი არ ანგრევს აშენებს და შემდეგ იგივე ხოშტარიები მოდიან და ჩემ მიერ გარემონტებულ ეროვნულ გალერეაში ლექციებს ატარებენ. აი, ამ დონის ანეკდოტებთან გაქვს საქმე. თითქოს „ქართულ ოცნებას“ უნდა ნგრევა, არ უნდა ევროპული მომავალი და შენება. უნდათ, რომ მიჰყიდონ ეს საზოგადოებას, რომელიც შეიძლება არ იყოს გათვითცნობიერებული. ამის ფონზე რას აკეთებს „ოცნება“? ეს არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის მმართველობის დროს ყველაზე მეტი წარმატება იქნა მიღწეული ევროპულ გზაზე.“ – განაცხადა წულუკიანმა.
შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა მმართველ პარტიას განაჩენის გამოცხადების თარიღის გადავადება, უპასუხა, რომ მთავრობა ამას ვერ წყვეტს და განაჩენის გამოცხადების თარიღი კონკრეტული მოსამართლის პრეროგატივაა.
„მეორე მხარის გარეშე და მოსამართლესთან თვალის ჩაპაჭუნებით აღარ ხდება პროცესის გადადება, თუ არ გაქვს დასაბუთება. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მთავრობამ მოახერხოს ისე, რომ მოსამართლემ გამოაცხადოს ისე, როგორც ეს ჩვენ მოგვეპრიანება. ამას არ მართავს არავინ, გარდა იმ კონკრეტული მოსამართლისა. ამას სასამართლოც ვერ მართავს, როდის გამოაცხადებს მოსამართლე თარიღს.“ – განაცხადა წულუკიანმა.