წულუკიანი: კონსერვატორიას ჰყავს აბსოლუტურად არასერიოზული რექტორი

პუბლიკა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში კოსერვატორიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მან კოსერვატორიის ახლანდელი რექტორზე, ნანა შარიქაძეზე თქვა, რომ მის პირობებში კოსერვატორიას განვითარება არ ექნება.

„ჩვენ, სამწუხაროდ, კონსერვატორიაში გვყავს აბსოლუტურად არასერიოზული რექტორი, რომელსაც 21 ოქტომბერს გასდის უფლებამოსილების ვადა და ვვარაუდობ, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, კიდევ ოთხი წლით, რისი უფლებაც კანონით აქვს, გააგრძელოს რექტორობა. ასეთი რექტორის პირობებში კონსერვატორია მიდის პირდაპირ კედელში. არავითარი განვითარება მის პირობებში კონსერვატორიას არ ექნება, იმისთვის რომ სტუდენტს, პროფესორის ჰქონდეს ის, რაც სჭირდება, ამის ლოკომოტივად კონკრეტული ადამიანი არ გამოდგება.

უფრო მეტიც, ის ხშირად მსაყვედურობდა, რომ ადრე ასე არ იყო, ადრე არავინ მიმოწმებდა, როგორი ბრძანება გამოვეცი და ა.შ.  მესმის, რომ ეს მისთვის სიახლეა, მაგრამ ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ როდესაც შენ ხარ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონში წერია, რომ შენი ზედამხედველი არის სამინისტრო. შესაბამისად, ჩემი ფუნქცია ზედამხედველის ფუნქციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკანონო აქტი მე შემიძლია გავაუქმო, რაც გავაკეთე კიდეც.

შემდეგ მათ, ასეთი რამ დაემართათ… აკადემიურ საბჭოს ჩემი მოადგილე შეხვდა და შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომ ერთად გამოესწორებინათ კონსერვატორია და ის ბევრი ხარვეზი, რომელიც აქვს ამ რექტორს და მის  მუშაობის სტილს. აკადემიური საბჭოს ამ განწყობის მიუხედავად, ვვარაუდობ, წარმომადგენლობითი საბჭოს ზურგს უკან, რექტორმა მინისტრის ბრძანება გაასაჩივრა და სთხოვა მოსამართლეს მისი შეჩერება, რომ როგორმე, იქნებ, 21 ოქტომბრამდე მოასწროს და მისი პირადი ინტერესი გაიტანოს.

სასამართლომ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, რადგან ის ბრძანება, რომელიც მე გამოვეცი, არის ათასჯერ ნაფიქრი და გაჭრილი ბრძანება. მათ უნდა ითანამშრომლონ, ეს არის უკვე გარდაუვალი და მინდა, ეს ყველამ გაიგოს“, – თქვა თეა წულუკიანმა.

ის ამბობს, რომ  თუ 21 ოქტომბრამდე აკადემიური საბჭო წარმომადგენლობითი საბჭოს ხელშეწყობით არ ითანამშრომლებს სამინისტროსთან და კონსერვატორიის საუკეთესო ინტერესებით არ იხელმძღვანელებენ, ამით ძალიან დაზიანდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტი და სასწავლო პროცესი.

„ჩვენ კიდევ ორი წერილი გავაგზავნეთ და ლამის ვევედრებით, რომ დაბრძანდით ჩვენთან ერთად, პარტნიორობის რეჟიმში ვიმუშაოთ. მათ ეს არ უნდათ, რადგან ეჭვი მაქვს, რომ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. საქმე გვაქვს იმასთან, რომ კონსერვატორიას ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან და ამ ხელშეწყობას ვერ იღებს, იმიტომ რომ ერთი ან ორი ადამიანი საკუთარი ინტერესით ხელმძღვანელობს“, – განაცხადა წულუკიანმა.