„ესენი არიან ვითომ მეცნიერები“, – ასე უწოდებს ორომზანის 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინიდის კბილის, დიდი აღმოჩენის ავტორებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა კბილის შესახებ, რომელიც აღმოჩენის ავტორის, ნიკა ვანიშვილის სახლში იყო შენახული და რაზეც სამინისტრომ განაცხადა, რომ ის კულტურის სამინისტროს გენინსპექციამ ამოიღო ბინიდან.
მინისტრმა ოროზმანის დიდ აღმოჩენაზე საუბრისას გაიხსენა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები და თქვა, რომ საქართველო არის ადგილი, „სადაც არ უნდა გათხარო, შეიძლება დიდ აღმოჩენას წააწყდე“.
„ეს არ ვიცი როგორ მოხდა, ჩემთვის უცნობია, ეს უნდა ვკითხოთ იმ კომპეტენტურ ადამიანებს, რომლებიც ამ არხზე თქვენს კოლეგა გადაცემაში დადიან ხშირად. ეს ხალხი დადის ამ არხზე გადაცემებში და იქ ჰკითხეთ მათ, რატომ წაიღეთ კბილი სახლში და არ მოიტანეს მუზეუმში. ისინი არ ცხადდებიან გენინსპექციაში, რომ გაცხადდეს მათი პოზიცია და მოგვიწევს რომ გადავაგზავნოთ პირდაპირ პროკურატურაში.
ესენი არიან ვითომ დიდი მეცნიერები, პრინციპში, სულაც არ არის სახუმარო და სასაცილო და რომლებსაც აქვთ შემუშავებული ასეთი სქემა. ისინი უკავშირდებიან უცხოელ არქეოლოგებს პროაქტიულად, მათ შორის სტუდენტებს და შეუმუშავებენ რაღაც პროექტს, რომელსაც ჰქვია საველე სკოლა.
ერთხელ თუ გახსოვთ საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა და მაშინ ცოტა გაგვეცინა, მაგრამ მართალი თქვა ქალბატონმა სალომემ, რომ საქართველო არის ადგილი, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა გათხარო, ძალიან დიდ აღმოჩენას შეიძლება წააწყდე. ასეთი ქვეყნები დღეს მსოფლიოში არის ძალიან ცოტა“, – თქვა მან.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ საქართველო არქეოლოგებისთვის არის მიმზიდველი. მინისტრის თქმით, ქართველი არქეოლოგები უცხოელ მეცნიერებს მოიწვევენ, „აყიდვინებენ“ ბილეთებს, მეცნიერები ჩამოდიან და მერე ახსენდებათ, რომ არსებობს კულტურის სამინისტრო, რომელმაც უნდა გასცეს ნებართვა.
„როდესაც უკვე ფული დახარჯულია, ვიღაცებს აღებული აქვს, მერე იწყება საელჩოების შეწუხება, რომელთა მოქალაქეებიც უკვე ადგილზე არიან ბარით, წერაქვით და ფუნჯით ხელში. მერე მობრძანდებიან ჩემთან ელჩები და გვთხოვენ, რომ ჩემი მოქალაქე ჩამოვიდა და, და ვამბობ, რომ ეს სახელმწიფოა და ჯერ უნდა აიღო ნებართვა და მერე ჩამობრძანდე. ოროზმანის შემთხვევაშიც ასე მოხდა.
აღმოჩენილი კბილი, რომელიც შემდეგ დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელ დროს წამოიღეს დმანისიდან თბილისში და შეინახეს კარადაში, ხოლო კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ კბილის დასათარიღებლად და მეცნიერულ კვლევისთვის, სოლოლაკში, ეროვნული მუზეუმის ყოფილ შენობაში განათავსეს, რომელშიც მე ნამყოფიც კი არ ვარ და არის ავარიული და იქ არაფრის დაცვა არაა შესაძლებელი, დანარჩენი ნივთები არაოფიციალურად დაასაწყობეს“, – თქვა მან.
მისი თქმით, ტელევიზიებში ჟღერდებოდა, რომ კულტურის სამინისტრო არ იყო დაინტერესებული დიდი აღმოჩენით, თუმცა მისი თქმით, სწავლობდა საკითხს და მიხვდა, რომ კბილს „მუზეუმში მისვლა არ ეწერა“ და მიმართა ზომებს.
„გვესმოდა ტელევიზიებში, მეზობელ ტელევიზიებში გვესმოდა რომ სამინისტრო არ ინტერესდებოდა ამ აღმოჩენით, რომ ეს მინისტრი იმდენად გაუნათლებელია, რომ ვერ ხვდება რამდენად მნიშვნელოვანია და არ ინტერესდება. ამ დროს მე რა თქმა უნდა მე ვინტერესდები ჩემს სფეროში და როგორც წესი ვსწავლობ საკითხს და რამდენიმე დღეში მე მივხვდი, რომ ამ კბილს მუზეუმში მოსვლა არ უწერია. თუ არ მივმართავ სხვა ზომებს. ეს კბილი ამოღებული იქნა ვითომ მეცნიერის, ჩვენი მოქმედი თანამშრომლის ბინაში“, – თქვა მან.
პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი, რომელიც ოროზმანის დიდი აღმოჩენის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ არტეფაქტი სახლში, მის კუთვნილ საველე ჩანთაში მხოლოდ ერთი ღამით, 19 სექტებრის საღამოდან 20 სექტემბრის დილამდე ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა შეენახა.
მისი თქმით, კბილი პალეობიოლოგიის ინსტიტუტში უნდა შენახულიყო სეიფში, თუმცა იმ საღამოს ინსტიტუტის შენობაში ის მარტო იმყოფებოდა, ხოლო სეიფი მძიმე იყო და ის მარტო ვერ შეძლებდა სეიფის გადაადგილებას დაცულ ოთახში. როგორც ნიკა ვანიშვილი განმარტავდა, აღმოჩენილი კბილი მეორე დღეს, დილით უნდა მიეტანა პალეობიოლოგიის ინსტიტუტში და თანამშრომლებთან ერთად შეენახა.
თუმცა, იმავე საღამოს, მაშინ როდესაც ნიკა ვანიშვილს კბილი სახლში ჰქონდა, მასთან მივიდნენ კულტურის სამინისტროს გენინსპექციის თანამშრომლები და როგორც სამინისტრომ განაცხადა, მათ მუზეუმის თანამშრომლის ბინიდან „კბილი ამოიღეს“.
პალეონტოლოგი ნიკა ვანიშვილი ექსპედიციის სამეცნირო ხელმძღვანელ არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილთან და სხვა მეცნიერებთან ერთად ოროზმანის 1 800 000 წლის წინანდელი არტეფაქტის აღმომჩენია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ბიძინაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ეროვნული მუზეუმიდან მიმდინარე წელში გაათავისუფლეს.
გიორგი ბიძინაშვილი „პუბლიკასთან“ ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ ოროზმანში არქოლოგიური გათხრები 2021 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, იყო პრობლემები სამინისტროდან არქოლოგიური გათხრების ნებართვის მიღების საკითხზე და როგორც ის აღნიშნავს, ბევრი მცდელობის შემდეგ მათ მოიპოვეს ძეგლზე მუშაობის უფლება.
გიორგი ბიძინაშვილის თქმით, ექსპედიციას კულტურის სამინისტროდან ფინანსური დახმარება არ მიუღია და სამუშაოები კერძო კომპანიების დაფინანსებითა და საველე სკოლის ფარგლებში უცხოელი სტუდენტების ფინანსური შენატანით ხორციელდებოდა.