წულუკიანი: პროტესტს გვიცხადებს ხელოვანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი, ბობოლები

პუბლიკა

კულტურის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ მის ქმედებებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლების „მცირერიცხოვანი ჯგუფი” აპროტესტებს.

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თეა წულუკიანმა ანა ნაცვლიშვილის კითხვის პასუხად თქვა, რომ პროტესტი „ფულის გამო ატყდა და არა ღირებულებების”.

„როგორც კი კულტურის მინისტრმა თქვა, რომ დაფინანსება ყველასთვის ღიაა, იქ ატყდა პრობლემები. ეს არის ფულის თემა და არა რაიმე ტიპის ღირებულებითი ჭიდილი. სწორედ, ამაშია უბედურება, შესაბამისად, ეს მცირე ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პირობითად ბობოლები შეიძლება ვუწოდოთ – ვინც ამ ფინანსური სისტემის ბენეფიციარი იყო და დღეს თავს არ იწუხებს, იყვნენ წინა პლანზე, სხვა ადამიანები გამოჰყავთ წინა პლანზე, რომლებმაც არც კი იციან, რატომ არიან პროტესტში ჩართულები”. – თქვა თეა წულუკიანმა.

მისივე მტკიცებით, ბოიკოტში მყოფი ხელოვანები როგორც პირად, ისე ოფიციალურ წერილებს სწერენ და დაფინანსებას იხოვენ.

გარდა ამისა, თეა წულუკიანმა ილაპარაკა არმაზ ახვლედიანის კითხვების პასუხადაც.

მისი თქმით, კულტურისა და განათლების სფეროები დეპოლიტიზებული უნდა იყოს, პოლიტიზირებას დიდ წინააღმდეგობას უწევს და ხელოვანთა პროტესტიც ამისი შედეგია.

„და ბატონო არმაზ, სწორედ ამიტომ არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან პროტესტი. თქვენ გნებავთ დაიჯერეთ გნებავთ, გნებავთ ნუ დაიჯერებთ. მაგრამ თქვენ მკითხეთ, ჩვენი პასუხი არის ასეთი: დეპოლიტიზაციას რომ ვცდილობ, იმიტომ არის ზოგიერთისგან მწვავე პროტესტი. იმიტომ, რომ ზოგიერთს არ აწყობს დეპოლიტიზება, ის მიჩვეულია პოლიტიზირებულ კულტურას”. – თქვა თეა წულუკიანმა.