წულუკიანი სააკაშვილზე: ყველა პატიმარს აქვს სამედიცინო ზედამხედველობა

პუბლიკა

„ყველა პატიმარს სჭირდება მუდმივი ზედამხედველობა სამედიცინო სახით, ჯანმრთელია ის, თუ არა. ის, რომ ყველა პატიმარზე არის სამედიცინო ზედამხედველობა უზრუნველყოფილი, ეს მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ.“ – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „ქრონიკას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველა ის მკურნალობა, რაც მას სჭირდება.

„ის, რომ მას აქვს იმის შესაძლებლობა რევოლუციებზე იფიქროს, ალბათ ადასტურებს იმას, რომ მას ამის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებიც აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილებაზე განცხადებები არასერიოზულია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეცდომას უშვებს როცა ფიქრობს, რომ საქართველოში ისევ 2003 წელია.

„ხელისუფლების ცვლილების მომენტი, თუკი ეს იქნება ამომრჩევლის ნება დადგება 2024 წელს და არა უფრო ადრე.“- განაცხადა წულუკიანმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. სააკაშვილი ამბობს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მკურნალობა „იყო ბლეფი“, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკლო 12 კილო და ის წონა აქვს, რაც ჰქონდა შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში.