წულუკიანი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: ჩვენ არ გვჭირდება, ოპოზიციას სჭირდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩვენო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციას სჭირდება და არა ხელისუფლებას.

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ უმრავლესობა ერთხმად უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭს. მისი თქმით, ხელისუფლება ერთსულოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების გატარების გადაწყვეტილებაში.

„ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება. ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას და შეთანხმებისამებრ ჩვენ ამ ცვლილებებს გავატარებთ. თუკი ოპოზიცია, ვგულისხმობ ერთ, ან მეტ კონკრეტულ ძალას, რომელიც ამბობს კვლავ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო, არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი იმისა, რომ ჩაშალონ ეს რეფორმა, რომელიც რეალურად მათივე მოთხოვნით და ინიციატივით ტარდება, რომელიც მათთვისვე არის საჭირო, იმისათვის, რომ იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში”, – განაცხადა წულუკიანმა.

ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო” და „ნაციონალური მოძრაობა” 8 მარტის შეთანხმებას შესრულებულად არ თვლიან მანამ, სანამ „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ დატოვებს. მათი თქმით, საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო რეფორმას მანამ არ დაუჭერენ მხარს, სანამ გიორგი რურუასთან დაკავშირებული მოთხოვნა არ შესრულდება.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის უნდა დაეფუძნოს 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო ერთ-ერთი პირობა, ე.წ. 8 მარტის შეთანხმების.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიციის თქმით, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი მონაწილეობისთვის „მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუაც უნდა გათავისუფლებულიყო.

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა მიმდინარე კვირაში გაიმართება.