წულუკიანი სანქციებზე: ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც აშშ უშვებს სტრატეგიულ პარტნიორთან

პუბლიკა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს „მორიგ შეცდომას” უწოდებს, რომელსაც შეერთებული შტატები სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში უშვებს. ამის შესახებ მან „იმედის” ეთერში ისაუბრა.

„შეიძლება თამამად ვთქვა, რომ ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში.

აქედან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის შემდეგ სხვა შეცდომებიც იქნება დაშვებული. ეს კიდევ უფრო გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ორმხრივ ურთიერთობებში, რათა დადგეს, დღე როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა, ურთიერთობების გადატვირთვა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს სჭირდება, რომ ეს ურთიერთობები გადაიხედოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს იმიტომ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიყავით და ვართ. ჩვენ არასდროს გვითქვამს აშშ-ზე და მათთან მეგობრობაზე უარი და უფრო მეტიც, ამ მთავრობას [არ უთქვამს უარი] და ამას ხაზს ვუსვამ. მტრულ აქტში, რომელსაც „Megobari აქტი“ დაარქვეს, მთელ ტექსტში ერთადერთი სიტყვა მეორდება – „ეს მთავრობა“.

რეალურად ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და ამ მთავრობას არასდროს არცერთ დარგში და სფეროში არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი. ამ სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულები ვიქნებით და დაველოდებით მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ჩვენი მეგობარი გადაწყვეტს, რომ კვლავ მეგობრულად დაგველაპარაკოს, უარი თქვას რევოლუციების მოწყობის დაფინანსებაზე – იმ ჯგუფებმა, ვინც იმ [ამერიკაში] ქვეყანაში არიან. ჩვენ ვიხილეთ გარკვეული მოსმენები კონგრესში, სადაც ქართველი ადამიანები მრავლად იყვნენ ვასალის როლში წარდგენილები და უმტკიცებდნენ უცხო ქვეყნის დეპუტატებს, რომ მათ უნდათ ამ მთავრობის დასჯა და მერე ალბათ მოგვეცემა საშუალება უფრო ფართოდ განვიხილოთ, რატომ არის ეს მთავრობა პრობლემა”, – განაცხადა წულუკიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა  განაცხადა.

სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.

მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.

მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეცვალოს ის ტრაექტორია, რომელზეც არის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა.