წულუკიანი თეატრის მსახიობებს ხელფასის შესახებ ახალ წინადადებას სთავაზობს

პუბლიკა

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მცირე ხელფასის გამო, მსახიობებს ერთდროულად რამდენიმე თეატრში მუშაობა უწევთ. მინისტრმა თეატრების შტატიან მსახიობებს შესთავაზა წინადადება, რომ მხოლოდ ერთ თეატრში მუშაობის უფლება ჰქონდეთ,  თუმცა იმ დათქმით, რომ ერთ შტატზე, გაერთიანებულად მიიღებენ იმავე ოდენობის ხელფასს, რასაც რამენიმე თეატრში მუშაობით იღებს.

„არის ერთი საკითხი, რომელიც ამ ტრიბუნიდან მინდა რომ ვთქვა და ღიად ვთქვა, რომ ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს, თუმცა მაქვს პოზიცია, რომელსაც თუ გაიზიარებენ მსახიობები მივიღებთ გადაწყვეტილებას და თუ არ გაიზიარებენ, იქნება სტატუსკვო ისეთი როგორიც არის.

მწირი ხელფასის გამო ერთი და იგივე მსახიობი რამდენიმე თეატრში მუშაობს. რადგან თეატრებს არ ეხება მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციები, ჩვენ გვაქვს შემთხვევები რომ ერთი და იგივე პირი ერთი და იგივე თეატრში ორ ან სამ თანამდებობაზე მუშაობს. ეს გასაჭირისგან არის და არა იმიტომ, რომ ერთ ადამიანს ეხალისება რამდენიმე თეატრში მუშაობა.

შეთავაზება იქნებოდა ასეთი, თუ მსახიობები გაიზიარებენ, რომ მსახიობი არის შტატიანი თანამშრომელი და პრინციპში საჯარო მოხელესთან მიახლოებული პირი გამოდის, მაშინ მას ჰქონდეს ერთ თეატრში მუშაობის უფლება იმ დათქმით, რომ ყველა ის ხელფასი რასაც იღებს სამ თეატრში მუშაობისას ჰქონდეს იმ ერთ შტატზე გაერთიანებულად. ვფიქრობ, რომ ეს კარგი წინადადებაა. თუ ის არის შტატგარეშე და თან მიწვეულია მაშინ ის ითამაშებს იმდენს თეატრში რამდენიც უნდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

მისივე თქმით, თუ მსახიობები ამ წინადადებას გაიზიარებენ, კარგი იქნება რადგან ამით ისინი ასევე ხელს შეუწყობენ მსახიობების ახალ თაობებს, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდეს.