ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს კრიტიკული მედიის მიმართ მის დამოკიდებულებაზე დაუსვა კითხვა. 22 მარტს ეროვნულ გალერეაში გამართულ გამოფენაზე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ღონისძიებაზე არ შეუშვეს. ჟურნალისტმა წულუკიანს ჰკითხა – რატომ უზღუდავს კრიტიკულ მედიას საქმიანობას და როდის დაუშვებს ტელეკომპანია „პირველს“ კულტურის სამინისტროს ღონისძიებებზე.
„თქვენ ხართ არაობიექტური მედიად წოდებული ორგანიზაცია და ამიტომაც არის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია. ეროვნულ გალერეაში ეს ბრიფინგი არ იყო, ეს იყო გამოფენის გახსნა და გახსნას თავისი წესები აქვს. შენიშვნა უნდა მოგცეთ, ცოტა ხულიგანივით იქცეოდით, მაგრამ არა უშავს დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი ქცევაც მისაღებია.
თუმცა ღვაწლმოსილი ქალბატონი, ჩემი თანამშრომელი გაანერვიულეთ. კრიტიკული კითხვები ჩემთვის გასაკვირი არაა და ამაში ვცხოვრობთ მეათე წელია. იქამდე კრიტიკული მედია ფაქტობრივად არ არსებობდა და რაც არსებობდა სპეცრაზმით ხურავდნენ, ასე დედოფლებივით არ ისხდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები მაშინდელ ბრიფინგზე“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.
22 მარტს ეროვნულ გალერეაში გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მინისტრის სტუმრობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა. ამის შესახებ „პუბლიკამ“ და ტელევიზიების ნაწილმა მხოლოდ არასაჯარო წყაროებისგან შეიტყვეს. ადგილზე რამდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით მოსულ „TV პირველს“ შენობაში კამერა არ შეატანინეს.