წულუკიანის ადმინისტრაციამ ლაბორანტის პოზიციიდანაც გამათავისუფლა - ეკა კიკნაძე

პუბლიკა

„წულუკიანის ადმინისტრაციამ ლაბორანტადაც აღარ გვინდიხარო და, თურმე, ორ კვირაზე მეტია, გათავისუფლებული ვარ, სხვა თანამშრომლებთან ერთად“, – ამის შესახებ ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ეკა კიკნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უწყებას მისთვის ოფიციალურად არ შეუტყობინებია გათავისუფლების შესახებ. კიკნაძემ ნახევარი თვის ხელფასის ჩარიცხვის შემდეგ გაიგო, რომ ლაბორანტის პოზიციიდანაც გათავისუფლებული იყო.

„დავურეკე ახლა ეროვნული მუზეუმის ფინანსურ განყოფილებას და ვიკითხე, რომ მივიღე ნახევარი თვის ხელფასი და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ გამათავისუფლეს – დამიდატურეს, რომ  გამათავისუფლეს“, – განუცხადა „პუბლიკას“ ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა, ეკა კიკნაძემ.

როგორც ეკა კიკნაძე აცხადებს, სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში დეკემბერში დაიწყეს გასაუბრება თანამშრომლებთან. მათ შორის ეკა კიკნაძეც იყო დაბარებული გასაუბრებაზე. კიკნაძის თქმით, მან მოითხოვა გასაუბრების ვიდეოგადაღება. უარის შემდეგ მან წერილობით მოითხოვა განმარტება მუზეუმის მოქმედი დირექტორისგან, ნიკა ახალბედაშვილისგან, თუ რატომ არ მიეცა გასაუბრების ვიდეოგადაღების უფლება. ეკა კიკნაძეს წერილზე პასუხი არ მიუღია, რის შემდეგაც ის გასაუბრებაზე აღარ მივიდა.

„გამოაცხადეს რეორგანიზაცია დეკემბერში და ატარებდნენ გასაუბრებას თანამშრომლებთან. მე მოვითხოვე ვიდეოგადაღება, რაზეც უარი მივიღე, ამის შემდეგ მუზეუმის დირექტორტან ნიკა ახალბედაშვილთან ოფიციალურად გავაგზავნე წერილი, მოვითხოვე დასაბუთება, თუ რატომ მითხრეს უარი ვიდეოგადაღებაზე. მე ძალიან ბევრჯერ მომიწია მკაფიო დისკრიმინაციული დამოკიდებულებების ატანა მათი მხრიდან და მინდოდა, ეს ყველაფერი ყოფილიყო დაფიქსირებული ვიდეოთი. წერილზე არ მიპასუხეს. ამიტომ გასაუბრებაზე მე არ მივსულვარ. ჩემი გათავისუფლების ბრძანებაც, ალბათ, 15 იანვრიდან გაიცა, მაშინ, როდესაც ნანა ბურჭულაძე, ნინო ხუნდაძე და სხვები გაათავისუფლეს“, – განაცხადა ეკა კიკნაძემ.

ეკა კიკნაძის განცხადებით, ის სხვა გათავისუფლებულებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

„ასე მოქალაქეებს არ უნდა ექცეოდნენ. ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ სამართლებრივად. მათ არასახელმწიფოებრივ პოზიციას დავუპირისპირებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პოზიციას“, – თქვა ეკა კიკნაძემ.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ეროვნულ მუზეუმსა და მათდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და საშტატო ცვლილებები დაიწყო, რის შემდეგადაც ათობით თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.

ივლისშივე შენობის „რენტაბელურობის“ შესახებ დასკვნა გააკრიტიკა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა და ის ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებას თავის საჯარო განცხადებებს უკავშირებს.