წულუკიანის დროს დანიშნული ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე, თეონა ჯაყელი თანამდებობას ტოვებს. ის ეროვნულ მუზეუმში, მოადგილის თანამდებობაზე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს დაინიშნა.

გათავისუფლების მოთხოვნის წერილში თეონა ჯაყელი წერს, რომ მოცემულ ეტაპზე კულტურის მინისტრის ხედვა მუზეუმის ინსტიტუციურ განვითარებასა და საკადრო პოლიტიკაზე არ ემთხვევა მის პროფესიულ ხედვას.

აღნიშნულიდან გამომდინარე ვტოვებ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას”. – წერს ჯაყელი.

თეონა ჯაყელის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია თავდაპირველად რადიო თავისუფლებამ” გაავრცელა. გამოცემა სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეონა ჯაყელს რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მუზეუმის გენერალური დირექტორის მეორე მოადგილესთან, ნიკა ახალბედაშვილთან.

ინფორმაციის გადამოწმება გამოცემამ რამდენიმე ადამიანთან სცადა, მათ შორის თეონა ჯაყელთანაც, რომელმაც თქვა, რომ “ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს”.

თეონა ჯაყელის გათავისუფლება რადიო თავისუფლებას” კულტურის სამინისტროში წერილობით დაუდასტურეს.

ეროვნულ მუზეუმში ნიკა ახალბედაშვილისა და თეონა ჯაყელის დანიშვნის შემდეგ რეორგანიზაციის” სახელით 20-მდე თანამშრომელი გათავისუფლდა. გათავისუფლებულთა მიერ ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებები განსხვავებული მოსაზრებების გამო დევნად შეფასდა. სამსახურიდან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლოში.