წულუკიანის განცხადებამ გვარამიაზე გვაჩვენა, რომ ხელისუფლება ახალისებს თვალთვალს - დეკანოიძე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თეა წულუკიანის დღევანდელი განცხადება, დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს არაკანონიერად უთვალთვალებს.

„წულუკიანმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გამორჩეული მსახური, გამორჩეულად სიძულვილის ენის გამავრცელებელი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მიტაცებულ ქვეყანაში უკანონოდ უთვალთალებს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიამენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად და ძალიან აქტიურად ილაშქრებს რეჟიმის წინააღმდეგ. არის უკანონო მიყურადება, შანტაჟი, მუქარა, კონსტიტუციის დარღვევით და ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების დარღვევით“, – ამბობს დეკანოიძე.

მისივე თქმით, თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს. და ეს ზუსტად ნიკა გვარამიას ოჯახის მაგალითზე ჩანს.

„ოჯახი ყველას გვყავს. რას ამბობთ, თურმე, ძნელია, ნიკა გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ. მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?“  – ეს განცხადება დღეს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა გვარამიაზე განაცხადა.