წულუკიანის გეგმით, გაიხსნება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკური ანალიზი ჩაუტარდებათ

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ იგეგმება ისეთი ლაბორატორიის დაფუძნება, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაიტარონ გენეტიკური თუ კუნთის ქსოვილის ანალიზი, რათა „მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“.

„სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე იფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში. ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის, ე.წ., გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი წარმატებული კარიერა და მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა 10-წლიან გეგმაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2030 წლისთვის რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართული ადამიანების რაოდენობა  50%-მდე უნდა გაიზარდოს, ხოლო მულტისპორტული კომპლექსების რაოდენობა სპორტის ძირითადი სახეობებისთვის 4-დან 10-მდე უნდა გაიზარდოს.