„ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილმა წულუკიანის კომისიამ გიორგი გახარიას დისტანციურ გამოკითხვაზე უარი უთხრა. გახარია სხდომაზე დღეს, 23 ივნისს იყო დაბარებული.
ამავდროულად, კომისიაზე დღეს დისტანციურად გამოიკითხა გაეროში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისიაზე პირი დისტანციურად გამოიკითხა – ასე გამოჰკითხეს, მაგალითად, რამდენიმე პატიმარი.
„კომისიას ორჯერ წერილობით ეცნობა, რომ გიორგი გახარია ამჯერადაც მზადაა, მონაწილეობა მიიღოს სხდომაში, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ, წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით, გამოთქვა მზაობა, სხდომაში მონაწილეობა მიიღოს დისტანციურ, ე.წ. “ონლაინ” რეჟიმში, რასაც ერთი მხრივ, კომისიის დებულება ითვალისწინებს, მეორე მხრივ – ერთხელ უკვე თავად კომისიის მიერ იყო შემოთავაზებული აპრილში, პირველი მიწვევის ფარგლებში.
მიუხედავად ამისა, კომისიისგან 22 ივნისს ოფიციალურად გვეცნობა, რომ კომისია უარს აცხადებს გიორგი გახარიას დისტანციურად გამოკითხვაზე და დაჟინებით ითხოვს ორშაბათს, 23 ივნისს სხდომაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას, რასაც არ აქვს არავითარი ობიექტური ახსნა, თუ საგამოძიებო კომისია რეალურად ჩორჩანას საკითხზე მისი მოსმენით არის დაინტერესებული”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარტიამ 22 ივნისს გაავრცელა.
პარტიის ინფორმაციით, „გიორგი გახარია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას, ისაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე, დისტანციურად, სანამ საქართველოში დაბრუნდება”.
დღეს კომისიაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი გახარია არ გამოცხადდა კომისიის სხდომაზე, რითაც კანონიერი მოთხოვნა დაარღვია.
წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას შეტყობინებები მიუვიდა, გაეცნო და დაადასტურა კომისიაზე მისვლის მზაობა. მისი თქმით, გახარიას წინასწარ არ უცნობებია, რომ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
„16 ივნისს თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიორგი გახარიამ ჩაიბარა შეტყობინება, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მას ამ დროს არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ ვერ მოვიდოდა, არ მოვიდოდა ან გამგზავრებას აპირებდა.
ამის შემდეგ რამდენიმე დღეში, 2 დღის წინ, სამდივნოს უკავშირდება წარმომადგენელი და ეუბნება, რომ გახარიამ ქვეყანა დატოვა და ვერ გამოცხადდება ორშაბათს და ითხოვს, რომ მოხდეს მისი ჩართვა. თავიდან თხოვნა იყო, რომ 23-ში ვერ ჩაერთვება და მომდევნო დღეს ჩაერთვება, რადგან დიდხანს არ დაბრუნდება.
შემდეგ თქვეს, რომ 23-ში ჩაერთვება. ამის შემდეგ ვიმსჯელეთ და ჩემი ხელმოწერით გაეგზავნა პასუხი, რომ ეს არ იყო დაკმაყოფილებული და დღეს ის ფიზიკურად უნდა გამოცხადებულიყო კომისიაზე 12:00-ზე. პირველის ნახევარია და ის არ არის მობრძანებული“, – განაცხადა წულუკიანმა, რის შემდეგაც კომისიის წევრებს მოუწოდა, იმსჯელონ, რას გადაწყვეტენ გახარიასთან მიმართებით.
მსჯელობის დროს კომისიის წევრები შეთანხმდნენ, რომ გიორგი გახარიას დისტანციურად ჩართვას არ შესთავაზებენ. კენჭისყრაზე გახარიას საქმის პროკურატურისთვის დღესვე გადაცემას არავინ დაუჭირა მხარი.
ამის შემდეგ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ, სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად, გიორგი გახარიას მაქსიმალურ ვადას მისცემენ და მას კომისიაზე 2 ივლისს დაიბარებენ.
16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ დაიბარეს.
თეა წულუკიანის თქმით, საკითხი შეეხება ჩორჩანას საგუშაგოს და გახარიას ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 14 აპრილს გამოჰკითხა. სხვა თემებთან ერთად, კომისიამ გახარიას ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზეც დაუსვა შეკითხვები.
კითხვები ძირითადად ეხებოდა საგუშაგოს გახსნაზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
კერძოდ იმას – იყვნენ თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული სხვა უწყებები; რა იცოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და პრემიერ-მინისტრმა; იყო თუ არა დაცული ე.წ. ფორმალური ნაწილი.
კითხვების ნაწილი საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. წულუკიანი ამბობს, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ საქართველომ დაკარგა 110 ჰექტარზე მეტი ტყე და ასევე საპასუხოდ, სეპარატისტებმა ჩადგეს ხუთი საგუშაგო, რომელიც მანამდე ამ ტერიტორიაზე არ მდგარა.
გახარიას შეფასებით წულუკიანი „ცდება“ და ყველაფერი პირიქით მოხდა. მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჰქონდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტები, რუსების მიერ მოტანილი „მორიგი ყალბი რუკის“ საფუძველზე, რომელიც, სავარაუდოდ, 1922 წლით თარიღდებოდა, გეგმავდნენ საქართველოში 28 სხვადასხვა წერტილზე საოკუპაციო ხაზის შეცვლას. გეგმის განხორციელებას იწყებდნენ ჩორჩანადან, ამიტომ საქართველომ დაასწრო სეპარატისტებს და ჩადგა საგუშაგო, რითაც არ დაუშვა საოკუპაციო ხაზის შეცვლა.
14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
უწყება ამბობს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.