წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო, ვაშაძეს 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ მზია გარშაულიშვილმა მიიღო

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილი თეა წულუკიანის კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. გიორგი ვაშაძე სხდომაზე არ მივიდა, რის გამოც მას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.

„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.

27 მარტს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „ოცნების” საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.

რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.

კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო გამოძიება იწყება სსკ-ის 349-ე მუხლით, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3 წლამდე ვადით ჩამორთმევას ითვალისწინებს.