თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.
ვაშაძეს პროკურატურა „ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებოდა. მის წინააღმდეგ პროკურატურას თეა წულუკიანის კომისიამ მიმართა.
განაჩენის გამოცხადებას ვაშაძე არ ესწრებოდა – ის პარტიის ოფისში იმყოფება, სადაც მისი მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და აქტივისტები არიან შეკრებილი. ადგილზე მივიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.
მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა, რომ მოსამართლეს სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაედო, ნინო გალუსტაშვილმა განაჩენი მაინც გამოაცხადა.
როგორც პროკურორმა მარიამ მეშველიანმა აღნიშნა, გამოყენებული სასჯელი „რელევანტურია ბრალდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებასთან მიმართებით“.
გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
ამავე საქმეზე გუშინ, 23 ივნისს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, ხოლო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 8-8 თვით პატიმრობა.