წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ივლისს გიორგი გახარია ონლაინ ჩართვით დაიკითხება

პუბლიკა

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ივლისს გიორგი გახარია ონლაინ ჩართვით დაიკითხება.

„არ ვეუბნებით გახარიას ჩართვაზე უარს, მაგრამ მოთხოვნა არის კომისიის, რომ უზრუნველყოს 2 ივლისს ტექნოლოგიურად და ლოგისტიკურად ჩართვისათვის ნორმალური პირობები და ხელი შეუწყოს სხდომის სრულფასოვან გამართვას, რაც გამორიცხავს ნებისმიერ სხვაგვარ ქმედებას. სანამ თავმჯდომარე არ იტყვის, რომ ბატონი გახარიას ახსნა-განმარტების ნაწილში სხდომა ამოწურულია, მას ექნება ჩვენთან ერთად ყოფნის ვალდებულება…

ეს სხდომა არ იქნება ხანმოკლე. მოვუსმინოთ, თბილისის დროით, 2 ივლისს, არა უადრეს 16:00 საათზე”, – თქვა თეა წულუკიანმა.

დღეს, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მინდობილმა პირმა „ოცნების“ პარლამენტში შექმნილ თეა წულუკიანის კომისიას წერილით მიმართა,  რომელშიც ნათქვამია, რომ გახარია კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, 2 ივლისის სხდომაზე კომისიას დისტანციურად ჩაერთოს.

წერილში აღნიშნულია, რომ პარტიამ „23 ივნისის სხდომაზე, ვერ მოისმინა ვერცერთი იურიდიული ან/და ლოგიკური არგუმენტი, კონკრეტულად რით შეეშლება ხელი კომისიას დისტანციური გამოკითხვისას, თუ იგი რეალურად დაინტერესებულია ჩორჩანასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას ახსნა-განმარტებების ვერბალურად მოსმენით.“

ასევე წერილში ნათქვამია, რომ გახარიასთვის დისტანციური საშუალებით გამოკითხვაზე უარის თქმა „წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას, რაც საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ჩვენი საპროცესო კანონმდებლობის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აშკარა და უხეში დარღვევაა”.